ავტორი: მაგდა პოპიაშვილი
რას იტყოდით, თუ გაიგებდით, რომ ამერიკის ერთ პატარა სოფელში, ტეხასის მზიან მინდვრებს შორის, ერთ დღეს მერი გახდა 11 წლის ბავშვი და რომ მან მთელი თავისი თემი უკეთესი ცხოვრების იმედით აავსო?
ეს არ არის ზღაპარი – ეს არის ბრაიან ციმერმანის დაუჯერებელი, მაგრამ ნამდვილი ისტორია.
კრაბი – სოფელი, რომელიც ცვლილებებს ითხოვდა
ტეხასის მიწაზე, უზარმაზარი მეგაპოლისის – ჰიუსტონის მახლობლად, არის ასეთი ადგილი – პატარა სასოფლო დასახლება, სახელად კრაბი.

მათ, ვინც აქ 1980-იან წლებში ცხოვრობდა, დაახლოებით, 200 ადამიანს, ბევრი არაფერი ჰქონდა – ძველი სახლები, გაუკვალავი, მტვრიანი გზები და მოუწყობელი, სოფლური ცხოვრება. მეზობლად მდებარე ჰიუსტონი კი, თავისი ბრწყინვალე შენობებითა და ავტომაგისტრალებით, თითქოს სხვა სამყაროს ეკუთვნოდა. კრაბში სიჩუმე სუფევდა. აქ ყოველდღიური ყოფა უფრო ბრძოლას ჰგავდა – უწყვეტი პრობლემების ჯაჭვი წყლის, გზების, განათლებისა თუ ჯანდაცვის მხრივ. და უმთავრესი პრობლემა – მზარდი ურბანიზაცია, რომელიც კრაბს შთანთქმითა და დამატებითი გადასახადებით ემუქრებოდა.
ზოგჯერ ცვლილებებს ყველაზე პატარა ხელები იწყებენ
როდესაც კრაბის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს, არარეგისტრირებული სოფელი, ქალაქად ექციათ, საჭირო გახდა პირველი მერის არჩევა – იმ ლიდერის, ვინც თანასოფლელებს ახალ გზას გაუკაფავდა. არჩევანი ორი იყო – ან ჰიუსტონი ამ პატარა დასახლების ანექსიას მოახდენდა, ან თავად უნდა გამხდარიყო ქალაქი, რომელიც პრობლემებთან გამკლავებას თავად შეძლებდა.
არჩევნები გამოცხადდა და 11 წლის ბრაიანმაც მასში მონაწილეობა გადაწყვიტა. მერე რა, თუ ის, სხვა პოლიტიკოსების მსგავსად, არ ატარებდა პიჯაკს და ვერ აბრახუნებდა მაგიდაზე ხელებს, როგორც ეს გამობრძმედილ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს სჩვევია? სამაგიეროდ, მას ჰქონდა ის, რაც ბევრ უფროსს დაეკარგა – დაუოკებელი რწმენა, რომ ერთ პატარა ბიჭსაც კი შეეძლო, დიდი საქმისთვის ჩაეყარა საფუძველი.
ბავშვური გულწრფელობა პოლიტიკური ბრძოლის ველზე
რა თქმა უნდა, ბრაიანს კონკურენტები ჰყავდა – ზრდასრული, სერიოზული ადამიანები, წლობით ნაგროვები ცხოვრებისეული გამოცდილებით, მაგრამ ის ამას არ შეუშინებია. სახლებში დადიოდა, პატარა ფურცლებზე დაწერილი პროგრამით, ზოგჯერ ფეხით, ზოგჯერ – ველოსიპედით. ის ხალხს ჰპირდებოდა სუფთა, გამდინარე წყალს ყველა სახლისთვის, მიწაყრილის ნაცვლად ნამდვილ, კომფორტულ გზებს, სახელმწიფო დახმარებას კრაბის ასაღორძინებლად და რაც ყველაზე მთავარი იყო – პატიოსან და გულწრფელ მმართველობას.
ციმერმანის უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება კი მაინც ინკორპორაცია და ამ გზით თავისი დასახლების ოფიციალურად რუკაზე აღნიშვნა იყო. ამ საკითხმა თემში დაპირისპირებაც გამოიწვია. კრაბის მცხოვრებთა ნაწილი შიშობდა, რომ ინკორპორაციის შემთხვევაში, მათ, გარდა სახელმწიფო და ფედერალური გადასახადებისა, უკვე ადგილობრივი გადასახადების გადახდაც მოუწევდათ. თუმცა, ბრაიანი თვლიდა, რომ თემის ინკორპორაცია დაიცავდა კრაბს ჰიუსტონის მიერ ანექსიისგან, რაც კიდევ უფრო მაღალი გადასახადების დაწესების საბაბი გახდებოდა, ვიდრე ინკორპორაცია, რომელიც თემს საგადასახადო განაკვეთებზე კონტროლის შესაძლებლობას მისცემდა.
გამარჯვება, რომელმაც ქვეყანა გააოცა
არჩევნების დღეს, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმები დაითვალეს, აღმოჩნდა, რომ ციმერმანმა დამანგრეველი უპირატესობით მოიგო – მან ხმების 75%-ზე მეტი მოაგროვა. ბრაიანმა დაამარცხა ყველა ზრდასრული კონკურენტი და გახდა პატარა სოფლის – დიდი ოცნებების ქალაქის – არჩეული მერი.
ციმერმანის ამბავი ქვეყანას ელვისებურად მოედო – გაზეთები და ტელევიზიები იუწყებოდნენ ბიჭზე, რომელსაც ჰქონდა დიდი გეგმები და ოცნებები და რომელიც, 11 წლის ასაკში, არჩეული მერი გახდა.
მაგრამ ცხოვრება, როგორც ყოველთვის, სიურპრიზებით სავსეა. მართალია, ბრაიანი აირჩიეს, მაგრამ, რადგან იმ პერიოდში მისი პატარა თემი ინკორპორირებული არ იყო, მას მუნიციპალიტეტი არ მართავდა. ამიტომაც, ციმერმანს მხოლოდ საპატიო მერის ტიტული მიანიჭეს. ესეც რომ არ ყოფილიყო, თუკი კრაბი ინკორპორაციას მართლაც მიაღწევდა, მას გადადგომა მაინც მოუწევდა, იმიტომ, რომ, ტეხასის შტატის კანონით, მერის თანამდებობის დაკავება 18 წლამდე ასაკის პირს ეკრძალებოდა.
მიუხედავად ამისა, ბრაიანმა მხარი დაუჭირა რეფერენდუმს შეერთების შესახებ, რადგანაც თვლიდა, რომ ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამსახურის შენარჩუნება:
მერი იმისთვის არაა, რომ იჯდეს და სამსახურის შენარჩუნებაზე დარდობდეს, არამედ იმისთვისაა, რომ გააკეთოს ის, რაც ხალხისთვის უმჯობესია.
ეს ფორმალობა ბრაიანისთვის დაბრკოლებად არ ქცეულა. ის, საპატიო მერის სტატუსით, მაინც შეუდგა საქმეს – ესწრებოდა შეხვედრებს, გეგმავდა პროექტებს, ყველა ახალი წამოწყების სულისჩამდგმელი სწორედ ის იყო.
ციმერმანის განაცხადი ინკორპორაციის შესახებ, საბოლოოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა – რეფერენდუმზე ეს ინიციატივა ჩავარდა, თუმცა, შემდგომ, სწორედ ეს რეფერენდუმი გახდა მისი განმეორებით არჩევის მიზეზი. საპატიო მერად ყოფნის პერიოდში მან შეძლო ადგილობრივების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. მაგალითად, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა კრაბის გზას, რომელიც მანამდე მტვრისა და ნაგვის კორიანტელში იყო გახვეული.
მოკლე სიცოცხლე – მარადიული მემკვიდრეობა
ბრაიანი გაიზარდა. მისი ცხოვრება სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა, თუმცა, იმ სულისკვეთებისთვის, რომელიც მან 11 წლის ასაკში გამოხატა, არასოდეს უღალატია.
მისმა მართვის უნიკალურმა ფორმამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ევროპელებმა მას „ჯონ კენედი II“ შეარქვეს. მისი ამბავი სტატიებად გამოქვეყნდა “People“-სა და “New York Times”-ში. მერობიდან 3 წლის თავზე კი, 1986 წელს, ციმერმანის ისტორიის მიხედვით, გადაიღეს ფილმი სახელწოდებით „Lone Star Kid“.
1988 წელს ბრაიანი ვაშინგტონში “Kid Power Election Campaign”-ის ერთ-ერთი სპიკერი იყო. მან ახალგაზრდებთან, მათ შორის, სენატორების შვილებთან, ისაუბრა ხმის მიცემისა და პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე, თუ რამდენად აუცილებელია ისაუბრო იმაზე, რისიც მყარად გწამს და გჯერა.

სამწუხაროდ, მისი ისტორია ტრაგიკულად დასრულდა – 1996 წელს ბრაიან კრისტოფერ ციმერმანი, 24 წლის ასაკში, გულის შეტევით ჰიუსტონში გარდაიცვალა.
მისი სიკვდილი იყო უდიდესი დანაკარგი, მაგრამ მისი ცხოვრება დარჩა როგორც მაგალითი, რომ ყველაზე პატარა ხელებსაც შეუძლიათ დიდი ამბების შექმნა.
კრაბის დღევანდელობა
დღესაც კრაბი რჩება პატარა დასახლებად ტეხასის რუკაზე. გზები გაუმჯობესებულია, წყალმომარაგებაც ბევრად უკეთესია, მაგრამ ის ბოლომდე ქალაქად მაინც ვერ იქცა. თუმცა, კრაბმა, მისმა მოსახლეობამ და ბრაიანმა ისტორია მაინც დაწერეს – ციმერმანი დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა ადამიანად, ვინც ოდესმე არჩეულა მერის პოსტზე, თუნდაც საპატიო მერის სტატუსით.

ამ პატარა ბიჭმა გვასწავლა, რომ ცვლილებების მიღწევა ნებისმიერ ასაკში შეგიძლია – მხოლოდ უნდა ირწმუნო.