ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ის რაც საქართველოში მოხდა, შემაშფოთებელია. პირველი, ვინც აგებს, ქართველი ხალხია. მოვუწოდებ, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და საქართველო უკუსვლით არ წავიდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას და დემოკრატიას იცავს“, – წერს ანდერს ფოგ რასმუსენი „ტვიტერში“.
ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. ასევე, გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამაცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა, ხოლო 17 მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
ენმ-ის ოფისში განვითარებული მოვლენების გამო დღეს 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
როგორ ეხმაურებიან საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს იხილეთ ბმულზე.