დეგნანი საარჩევნო ბარიერზე: ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ ერთი აზრის დომინირება დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებს

389

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ დემოკრატია აზრთა სხვადასხვაობაა და ერთი აზრის დომინირება მის პრინციპებს რისკის ქვეშ აყენებს, ეს კი ზოგიერთს არ ესმის. ელჩის თქმით, 5%-იანი ბარიერის დატოვება არ არის გზა საპარლამენტო მრავალფეროვნებისკენ და ამაზე თანხმდებიან საერთაშორისო ექსპერტები და პოლიტიკოსები. დეგნანი აღნიშნავს, რომ თუ პოლიტიკური პარტიების და ქართული ოცნების შეთანხმება არ შესრულდება, ეს სამწუხარო ფაქტი იქნება.

“ზოგიერთს ალბათ არ ესმის, რომ დემოკრატია მოითხოვს მოსაზრებათა მრავალფეროვნებას და მხოლოდ ერთი აზრის დომინირება რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიის პრინციპს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბარიერის დაწევა იყო ძალიან პოზიტიური განვითარება და ეს ასე შეაფასა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ. ამაზე იყო საუბარი როგორც 19 აპრილის შეთანხმებაში, შემდგომ უკვე საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა ის, რომ 9 პოლიტიკური პარტია შევიდა პარლამენტში, რაც იყო ძალიან პოზიტიური განვითარება.

ის, რომ ბარიერი დარჩეს 5%-იანი, ნამდვილად არ არის გზა უფრო მეტი ინკლუზისაა და მრავალფეროვნებისკენ პარლამენტში. ეს არ შეესაბამება იმ რეკომენდაციებს, რაც გაცემული იქნა საერთაშორისო ექსპერტების მიერ და რაზეც თანხმდება პოლიტიკური სპექტრი. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ის, რაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მათ შორის მმართველი პარტიაც, არ განხორციელდება”, — აცხადებს ის.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერი მათ “კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული”. ის ასევე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს. კობახიძის თქმით, 5%-იანი ბარიერი თავსებადია დემოკრატიულ სტანდარტებთან.

შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე შემუშავებული კანონპროექტი გულისხმობდა საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო ბარიერზე, ფრაქციების შექმნასა და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას. პროექტის მიხევდით, მომავალ ორ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი ბუნებრივსა და 2%-ს შორის უნდა ყოფილიყო, ხოლო ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი უნდა ყოფილიყო მინიმუმ 4 წევრი, მათ შორის, მაჟორიტარები.

ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ კეთილსინდისიერად, რაც არასწორია. მათი აზრით, 100 დღეში თავი ამოწურა დოკუმენტმა, რომლის გამოც შარლ მიშელი და კრისტიან დანიელსონი საქართველოს არაერთხელ ეწვივნენ და რომლის მიღებაშიც არაერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩართული.