მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე სოციალური ქსელით იმ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომლებმაც 2020 საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებმაც უარი თქვეს ბიუჯეტიდან კუთვნილი დაფინანსების მიღებაზე, გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი.
„მედიაში ვრცელდება განცხადება, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს მათი უფლება და გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამავე დროს, მატულობს იმ ხალხის რიცხვი, ვისაც ელემენტარული სარჩო არ აქვს. ყოველდღე ათობით ასეთი მოქალაქე მწერს. მაქვს შემოთავაზება: აიღონ ეს დაფინანსება ამ პარტიებმა (“ლელო”, “პატრიოტები”, “გირჩი”, “მოქალაქეები”) და გააკეთონ პანდემიით დაზარალებულთათვის ფონდი. სულ საკვებში და ელემენტარულ რაღაცებში რომ დახარჯონ ეს მილიონები, ძალიან ბევრ ხალხს გადაარჩენენ. ამით კობახიძე ვერც დააკომპლექსებს ვერავის და კარგ საქმესაც გააკეთებთ“, – წერს ანა დოლიძე.
შეგასენებთ, რომ ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკო-ში განაცხადი არ შეუტანია.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღოს, შესაბამისად, მისი თქმით, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, პარტიის დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს. ხოლო გიორგი კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველს” ეს თანხა ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად სჭირდება.
რაც შეეხება “ევროპული საქართველოს” ლიდერს გიგი უგულავას, ის პარტიების დაფინანსების საკითხზე უმრავლესობას ასე ეხმაურება: ” გააუქმეთ და წაიღეთ ეს დაფინანსება – უკანონოდ მოიქცევით, მაგრამ უკანონობა თქვენი ცხოვრების წესია”
ხოლო, “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია.
ცნობისთვის, კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.