სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიმართავს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პატივი სცეს ბოლნისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 1 ივლისის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას და თვითმმართველობის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების დისკრიმინაციული და არასეკულარული პრაქტიკა აღარ გაიმეორეს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2022 წლის 1 ივლისს ბოლნისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელი, რომელშიც ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ ადგილობრივი ეპარქიის დაფინანსების დისკრიმინაციულ წესს ასაჩივრებდა. ამ საქმეს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივი აქტივისტის, სამირა ბაირამოვასა და სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით აწარმოებდა.
ფინანსური მხარდაჭერის ამ უთანასწორო პრაქტიკით, მხოლოდ ბოლო ოთხი წლის მანძილზე მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას ჯამში 1 550 000 ლარი (2019 წელს – 350 000 ლარი; 2020 წელს – 400 000 ლარი; 2021 წელს – 400 000 ლარი; 2022 წელს – 400 000 ლარი) გადაეცა. რელიგიური საქმიანობის დაფინანსების მიზნად თვითმმართველობის ბიუჯეტში განსაზღვრული იყო რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდა და მოსახლების სულიერების ამაღლება. ამგვარ მხარდაჭერას კი მეტწილად და მხოლოდ ადგილობრივი ეპარქია იღებდა. დაფინანსების ეს პრაქტიკა გარდა იმისა, რომ დისკრიმინაციული შინაარსის იყო და მხოლოდ ერთ რელიგიურ ორგანიზაციას აყენებდა უპირატეს მდგომარეობაში (მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია), ის სეკულარული სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში და საჯარო რესურსების კონფესიური მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკას ქმნიდა.
2022 წლის 1 ივლისს ბოლნისის საქალაქო სასამართლომ ბათილად სცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხსენებული ნორმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ რელიგიის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა. სასამართლომ აღნიშნა, რომ: „400,000 ლარით „მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის“ სრულფასოვანი ფუნქციონირების ხელშეწყობის დაფინანსების ნაწილში, სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს მიმართ, ადგილი ჰქონდა ერთგვაროვან ვითარებაში მყოფი სუბიექტების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რომელიც მოსარჩელის მიმართ ნაკლებადკეთილმოსურნეა, ერთმნიშვნელოვნად, განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება რელიგიურ ნიშანს. ამასთან, ვინაიდან სადავო შემთხვევა პირდაპირ აწესებდა განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ორგანიზაციის მიმართ, საკითხი შეფასებადია რელიგიის ნიშნით, პირდაპირი დისკრიმინაციის ფარგლებში.“
სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შეფასებები სეკულარიზმის პრინციპთან დაკავშირებითაც და მიუთითა: „სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედება უნდა ეფუძნებოდეს სეკულარულ მიზანს, არ უნდა უწევდეს მხარდაჭერას ერთ რომელიმე რელიგიას და არ უნდა ტოვებდეს „რელიგიასთან გადაჭარბებულ აფილაციის “შთაბეჭდილებას“. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლოს აზრით, „ სეკულარიზმისა და ნეიტრალურობის პრინციპი, სახელმწიფოს წინაშე წარმოშობს ვალდებულებას, განსხვავებულ მიდგომებში დაასაბუთოს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რამდენადაა დასაშვები თანასწორობის უფლების შეზღუდვა. უპირველესად უნდა აღნიშნოს, რომ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური მოდელი ეფუძნება სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიურ თემებს მიჯნავს. ამგვარი მოდელი შეესაბამება იმ ღირებულებებს, რაც სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის მახასიათებელი”.
ჩვენი შეფასებით, ბოლნისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პრეცედენტული მნიშვნელობის, რომელიც ზოგადად ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების არასეკულარული და დისკრიმინაციული დაფინანსების პრაქტიკას ცვლის და ამ გადაწყვეტილების ჯეროვანი პატივისცემა მარნეულისა და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ არსებითი გვგონია. ეს გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი მმართველობის გარანტირების, საჯარო რესურსების ლეგიტიმური სოციალური მიზნებით გამოყენების, თანასწორობის პრინციპის განუხრელად დაცვის, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გამიჯნულობისა და არადემოკრატიული აფილაციების თავიდან აცილების, ასევე რელიგიური ორგანიზაციების ჭარბი პოლიტიკური გავლენებისა და მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა გახდეს.
- უნდა ითქვას, რომ ეს გადაწყვეტილება მარნეულის მუნიციპალიტეტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ის ჯერ კანონიერ ძალაში შესული არ არის.
სამწუხაროდ, მიუხედავად სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებისა, მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის მიმდინარე პროექტი კვლავ ითვალისწინებს იდენტურ ჩანაწერს. კერძოდ რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის ფარგლებში მხოლოდ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიას გადაეცემა 400 000 ლარი, მუნიციპალიტეტმა დააკორექტირა მხოლოდ თანხის გაცემის მიზნები – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა. ამასთან მცირე რესურსები გათვალისწინებულია მეჩეთების კომუნალური გადასახადებისთვის (20 000 ლარი).
ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საკრებულო საბოლოოდ ბიუჯეტის ამ პროექტს არ დაამტკიცებს, რადგან ეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების უხეში დარღვევა იქნება და აშკარა უპატივცემულობა სასამართლო გადაწყვეტილების სულისკვეთების მიმართ.
ნიშანდობლივია, რომ საქმე შეეხება მუნიციპალიტეტს, რომელიც მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური შემადგენლობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მარნეულის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დგას თვითმმართველობაში მოსახლეობის თანაბრად მონაწილეობისა და ყველა განსხვავებული ჯგუფის თანაარსებობის უზრუნველყოფის ინტერესი, რომლის რეალიზებაც მუნიციპალიტეტის ორგანოთა ერთ-ერთ უპირველეს დანიშნულებას წარმოადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საბიუჯეტო დაფინანსების მსგავსი პრაქტიკა კი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებებს და სეკულარიზმის პრინციპს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ მარნეულის საკრებულოს შეცვალოს რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობის ქვეპროგრამის (კოდი 050204) დისკრიმინაციული შინაარსი და მარნეულის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე, ამავე ქვეპროგრამის არსის, მიზნების და დაფინანსების წესის ჩამოყალიბებისას:
- გაითვალისწინოთ ბოლნისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების შინაარსი და სულისკვეთება (საქმე N3/23-20);
- განუხრელად დაიცვას თანასწორობისა და სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპები”, – ვკითუხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.