პროექტის „მდგრადი და კლიმატგონივრული ტყის მართვა საქართველოში“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოეფექტური ღუმელები იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა გადასცეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ენერგოეფექტური ღუმელები მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ 60 ოჯახს უკვე გადაეცა.
“იაპონიის მთავრობა მცხეთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს და მოხარულები ვართ, რომ დღეს ვართ ამ ოჯახთან. დღეს 5 ოჯახს გადავეცით ენერგოეფექტური ღუმელები, რომელიც ხელს შეუწყობს ნაკლები შეშის მოხმარებას, სათბური აირების შემცირებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მწვანე და ეკომეგობრული ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას“, – აღნიშნა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის “საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა” ფარგლებში, ძეგვისა და ქვემო ლისის “საქმიანი ეზოები” შესაბამისი ტექნიკით (4 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 3 “პიკაპის” მარკის ავტომობილი, 1 ტრაქტორი და 3 ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვა, ხოლო, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში “საქმიანი ეზო” მოეწყობა. “საქმიანი ეზოები”, სადაც ხე-ტყის დამზადების ახალი, გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკა დაინერგება, დაახლოებით 43,000 ადგილობრივ მოსახლეს მოემსახურება.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭაჭიაშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია ადგილობრივი თემების ჩართვა ტყის მდგრად მართვაში, მოსახლეობისა და ბიზნესისთვის კომფორტული გარემოსა და სერვისების შექმნა, განახლებადი ენერგიის წყაროებზე წვდომის გაზრდა, ტყის დაცვა და გაჯანსაღება. პროექტი 2023 წლის მარტში დასრულდება, რისთვისაც 920 000 აშშ დოლარია გამოყოფილი.