ნოემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 10 258-ით გაიზარდა

311

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 10 258-ით გაიზარდა.

კერძოდ, მიმდინარე თვეში საარსებო შემწეობა სულ 665 992-მა სოციალურად დაუცველმა აიღო, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 17.9%-ია.

ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 57 989 509 ლარი დაიხარჯა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში კი მათი რაოდენობა 21 865-ით გაიზარდა. საპირისპიროდ, კლება დაფიქსირდა სექტემბერსა და ოქტომბერში. უფრო ზუსტად, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 9 208-ით შემცირდა, რის მიზეზადაც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ სტატისტიკაში არ ასახულა იმ ოჯახების მაჩვენებლები, რომელთა გადამოწმებაც მონაცემების გამოქვეყნების მომენტში მიმდინარეობდა. ოქტომბერში კი კლება სექტემბერთან შედარებით 5 099 იყო.