სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობას 2023 წელსაც გააგრძელებს

370

სახელმწიფო ბიომწარმოებელების მხარდაჭერას 2023 წელს სპეციალური შემუშავებული პროგრამის საშუალებით გააგრძელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი, მიმდინარე წელთან შედარებით, მზარდია და 500 000 ლარით არის განსაზღვრული.

“იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ორგანული წარმოების მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების გაზრდის საკითხი განიხილება.

2022 წელს ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა. პროგრამა არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე, თაფლისა და ცვილის წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.