პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჯაფარიძე პარტიების ცესკოსთვის მიმართვას ეხმიანება საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე.
მისი შეფასებით, ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას.
“გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა სცნოო და მართალი იქნება. ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას და ოცნების ეულად დატოვებას, მათ შორის არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს, არამედ ყველა არჩევითი ორგანოდან საკუთარი წევრების გამოყვანას.
პარლამენტში არ შევდივარ, მაგრამ ჩხოროწყუს საკრებულოში ვმუშაობ, მინიმუმ სასაცილოა.
მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პილიტიკის კეთება.
ახლა ჰქონდათ შანსი და ოცნების სასარგებლოდ გაისროლეს”,- წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელ “ფეუსბუქში”.
ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკო-ში განაცხადი არ შეუტანია.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღოს, შესაბამისად, მისი თქმით, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს.