ბოკერია: პარტიის დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს

461

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.

მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ გამოიყენებს ყველა რესურსს, რაც პარტიების დაფინანსებასთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება საპარლამენტო დაფინანსებას, ბოკერიას თქმით, საპარლამენტო დაფინანსებას „ევროპული საქართველო“ არ აიღებს.

„ამ უთანასწორო ბრძლაში ჩვენ ყველა რესურსის გამოყენებას ვაპირებთ რაც დაკავშირებულია პარტიულ დაფინანსებასთან. ბუნებრივია, საპარლამენტო დაფინანსების კომპონენტს არ და ვერ ავიღებთ იმიტომ, რომ საპარლამენტო საქმიანობაში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლას არ ვაპირებთ. პატივს ვცემ იმას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ასე ვთვლით. თუ ბატონ კობახიძეს უნდა მუქარის შესრულება, თვითონ გადადგან ეს ნაბიჯი ამ ვითარებაში, რომ პოლიტიკური პოზიციის გამო ცვლიან თამაშის წესებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ოპოზიციამ კომპრომისის სახით ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება შესთავაზა.

„ჩვენი კომპრომისი არის ხელახალი არჩევნების მაგივრად, ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ძალიან გონივრული კომპრომისი შესთავაზა ოპოზიციამ ხელისუფლებას იმიტომ, რომ წესით, უნდა ტარდებოდეს ხელახალი არჩევნები. რეალობიდან გამომდინარე და ჩიხიდან გამოსავლის პოვნის გამო, ვადამდელი არჩევნების ჩატარება არის ძალიან კონსტრუქციული წინადადება. სანამ ეს არ მოხდება და არ დაფიქსირდება ის, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელისუფლება ხელისუფლება ვერ დარჩება და უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, მანამდე ბოიკოტის საკითხის გადახედვა არ განიხილება „ევროპულ საქართველოში“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკო-ში განაცხადი არ შეუტანია.

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღოს, შესაბამისად, მისი თქმით, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს.

“გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი, კი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველს” ეს თანხა ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად სჭირდება.