ჩვენ, იმაზე, რაც პარტიებს ეკუთვნით, უარს არ ვამბობთ და ახლა ბურთი არის მათ მოედანზე. გამოვიდეს კობახიძე, რომელიც ფეხებს გვიკოცნის, შემოდითო გვეხვეწება და გააუქმოს გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხდა.
მისი განნარტებით, ეს დაფინანსება ორ ნაწილად ეყოფა, ერთი არჩევნებში მიღებულ ხმებს უკავშირდება და სწორედ ამაზე არ ამბობენ პარტიები უარს და მეორე საპარლამენტო სიკეთეებს მოიცავს და ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ოპოზიცია დაფინანსების ამ ნაწილზე უარეს იტყვის.
„ჩვენ ვიმყოფებით ქვეყანაში, სადაც ბიზნესს ეშინია. ბიზნესი მოდის, გელაპარაკება, შენკენ ვარო გეუბნება, მაგრამ ეშინია პირდაპირი და ღია დაფინანსება პოლიტიკური ოპოზიციის იმიტომ, რომ მას ეშინია საგადასახადო ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების. ამიტომ მწირი საბიუჯეტო დაფინანსება რჩება ერთადერთ საარსებო წყაროდ პოლიტიკური ოპოზიციისთვის. მეორე, საბიუჯეტო დაფინანსება იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი მიბმულია ხმების რაოდენობაზე და აქ ჩვენ დაგვაკლეს და მიიმატა მხოლოდ და მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ , იმიტომ, რომ არჩევნები გააყალბა ზუსტად ამ ნაწილში. ეს დაფინანსება დაკავშირებულია მხარდაჭერასთან, ამიტომ არანაირი კავშირი არ აქვს პარლამენტის ლეგიტიმაციასთან. არსებიბს მეორე ნაწილი საბიუჯეტო დაფინანსების, ეს არის ერთგვარი საპარლამენტო სიკეთეები, რომელზეც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც არ შედის პარლამენტში და ბოიკოტს უცხადებს, იმაზეც უარს ამბობს. საბიუჯეტო მწირი თანხები პოლიტიკურ ოპოზიციას სჭირდება იმ ვითარებაში, როდესაც ბიზნესი ან მკვდარია, ან შეშინებულია, რომ იბრძოლოს და ქვეყანა გაათავისუფლოს ამ მართლა გაუგებარი და გაუგონარი რეჟიმისგან. ჩვენ, ის რაც პარტიებს ეკუთვნის, იმაზე უარს არ ვამბობთ. მივმართავ კობახიძესა და უმრავლესობას – ხომ გაქვთ უმრავლესობა 76 ხმით? გააუქმეთ და წაიღეთ ეს დაფინანსება, უკანონოდ მოიქცევით, მაგრამ უკანონობა თქვენი ცხოვრების წესია“, -განაცხადა უგულავამ.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, პარტიის დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს. ხოლო გიორგი კანდელაკის თქმით, „ევროპული საქართველს” ეს თანხა ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად სჭირდება.
რაც შეეხება “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებას, მისი განცხადებით, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია.
შეგასენებთ, რომ ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკო-ში განაცხადი არ შეუტანია.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღოს, შესაბამისად, მისი თქმით, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს.