კანდელაკი პარტიების დაფინანსებაზე: ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად

505

წინა სტატია

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი, პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ევროპული საქართველს” ეს თანხა ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად სჭირდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა საბიუჯეტო დაფინანსების მიღება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობა, კანდელაკმა განაცხადა, რომ შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება.

„ევროპული საქართველო“ არ იღებს და არ მიიღებს საპარლამენტო დაფინანსებას. გადასახადების გადამხდელთა ეს თანხა ჩვენ გვჭირდება ოფისების რაღაც რაოდენობის შესანარჩუნებლად და ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის დასაორგანიზებლად საზოგადოებასთან ერთად. შედეგების აღიარება იქნებოდა პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პრივილეგიებისა და დაფინანსების მიღება, რასაც „ევროპული საქართველოს“ სხვა ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, რა თქმა უნდა, არ აკეთებს და არც გააკეთებს”, -განაცხადა კანდელაკმა.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკო-ში განაცხადი არ შეუტანია.

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც დეპუტატის მანდატით არ სარგებლობ და ამომრჩეველს პარლამენტში შესვლაზე უარს ეუბნები, სამართლებრივად ლოგიკურია, რომ ასეთმა პარტიამ არც სახელმწიფო დაფინანსება უნდა მიიღოს, შესაბამისად, მისი თქმით, ოპოზიციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს.

“გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია.