მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს ჩატკეპნა და სერიოზული გალაშქრება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, შემდეგ მის მაგივრადაც კი გამოაქვეყნეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, სააკაშვილმაც კი,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ის პროცესის ქუჩის პროტესტიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანაზე საუბრობს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელიც ვაშაძის მსგავსად ფიქრობენ.
“რეალურად შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის. მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს. არის პარტიები და იმედია, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ოპონენტებს და რომლებიც სწორედ ასე ფიქრობენ, თუმცა საბოლოოდ როგორ ინტერპრეტაციას მიიღებს გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი პროდუქტი დაიდება ამასთან დაკავშირებით მთლიანად “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, მე ნამდვილად არ ვიცი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბრის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგილ ვაშაძემ ორი განცხადება გამოაქვეყნა.
პირველ განცხადებაში მან პოლიტიკურ პარტიებს პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდაზე გადატანისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სახელმწიფოს “ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად” ქუჩა უნდა ჩაანაცვლონ “ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით”.
განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ის პარტიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
ამის შემდეგ მალევე ვაშაძემ დამატებით განმარტებები ფეისბუქზე გაავრცელა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.