ის პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობისა და ბრძოლისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
ამასთან, ბაქრაძის თქმით, „ევროპული საქართველოს,“ „გირჩის“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელის“ დღევანდელი განცხადება არანაირად არ უკავშირდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსის განცხადებას.
„პირველი განცხადება მისი იყო რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და ის პოზიცია განმარტების გარეშე იქნებოდა დამაზიანებელი ოპოზიციური ერთობისა და ბრძოლისთვის, მაგრამ იმ განმარტებებით, რაც შემდეგ გაკეთდა მიმაჩნია, რომ ეს თემა ამოწურულია.
ჩვენი განცხადება, ჩვენი დღევანდელი პოზიციონირება არანაირად არ უკავშირდება რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკოსის განცხადებას. ის, რაზეც ჩვენ დღეს შევთანხმდით და ვსაუბრობთ, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის. ის, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და ხელისუფლებას არ მივცეთ საშუალება, რომ ძალადობის სპირალში ჩაითრიოს ქვეყანა, არის განუზომლად მნიშვნელოვანი, ვიდრე ცალკე აღებული რომელიმე განცხადება. ის, რომ ოპოზიცია არის ერთიანი პარლამენტში არშესვლის ბოიკოტში და მზად ვართ დიალოგზე ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რომელიმე განცხადება. ამიტომ, ნუ ვეცდებით ხელოვნურად ვიპოვოთ კავშირები და ბმა, დღეს ჩვენ გაგაცანით 4 პოლიტიკური პარტიის ხედვა, როგორ უნდა წავიდეს პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, იმედი მაქვს ამ ხედვას გაიზიარებენ სხვა პარტიებიც და ეს განცხადება გახდება საფუძველი საერთო ოპოზიციური მოქმედებისთვის,“- განაცხადა ბაქარაძემ.
ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიები „გირჩი“, „ევროპული საქართველო,“ „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ „გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას“.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.
“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – ამბობს ვაშაძე.
მის განცხადებას თავად მის პარტიაშიც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგ ვაშაძემ განცხადების დამატებითი განმარტება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მოქალაქეების პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.
გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.