მელია ვაშაძის განცხადებაზე: ეტყობა ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში

360

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია ეხმაურება, მისივე პარტიის თავმჯდომარის განცხადებას და ამბობს, რომ იგი “პრესსამსახურთან შეთანხმებული არ ყოფილა”. მელიას თქმით, პოლიტიკური ლიდერები დიალოგს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ “ეს იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად” და “არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებას” მიეძღვნება.

“ნებისმიერი განცხადების გავრცელების, თუ გაკეთების დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ. როდესაც განცხადება აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, ან ისმენს მსმენელი, ეს უკვე არაა საუკეთესო განცხადება.

მთავარი რაც გაცხადებული აქვს ფართო საზოგადოებას, ესაა ის, რაც გაცხადდა რუსთაველის გამზირზე, სადაც გაერთიანდა განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფი.

პარტიაში არსებობს პრესსამსახური და ბატონ გრიგოლს [ვაშაძეს] არასოდეს არ გაუვრცელებია განცხადება პრესსამსახურის გვერდის ავლით, ეს იყო ერთადერთი, როცა მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში, ეტყობა  ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რაზე ვსაუბრობთ რუსთაველის გამზირზე.

არავინაა დიალოგის წინააღმდეგი, ხო? არავინ, ვინც რუსთაველის გამზირზე მოდის, მაგრამ ეს იქნება პარალელურად მშვიდობიანი აქციებისა. დიალოგი გაიმართება არამხოლოდ სამართლაინ არჩევნებზე, არამედ, უბრალოდ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებაზე”, – თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – ამბობს ვაშაძე.

მის განცხადებას თავად მის პარტიაშიც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგ ვაშაძემ განცხადების დამატებითი განმარტება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მოქალაქეების პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.