ვარშალომიძე ვაშაძის განცხადებაზე: ჩემი პოზიცია ურყევია, უარს ვამბობთ მანდატებზე

365

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ვარშალომიძე ეხმაურება გრიგოლ ვაშაძის განცხადებას და ამბობს, რომ მისი პოზიცია პარლამენტში არშესვლასა და ბრძოლის გაგრძელებაზე უცვლელია.

“ჩემი პოზიცია თანამოაზრეების მსგავსად ურყევია. უარს ვამბობთ გაყალბებული არჩევნების შედეგად მონიჭებულ მანდატებზე! ასევე უცვლელი რჩება ჩვენი სტრატეგია – ხალხთან ერთად მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – წერს ლევან ვარშალომიძე ფეისბუქის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა  განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაიტანონ და ჩაანაცვლონ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით.

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად”, – ამბობს ვაშაძე.

მის განცხადებას თავად მის პარტიაშიც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგ ვაშაძემ განცხადების დამატებითი განმარტება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და მოქალაქეების პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობას ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ 8 ნოემბერს, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით  რამდენჯერმე დაშალეს. აქციის დაშლისას აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

გამოცხადებულია ოპოზიციის შემდგომი გეგმაც: შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია გაიმართება. არჩევნების მეორე ტურის დღეს, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს კი რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.