NGO-ები: კომენდანტის დაწესება არაკონსტიტუციურია და აღიქმება, როგორც საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა

429

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა” და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” განცხადებით, კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არაკონსტიტუციურია, რადგან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია.

მათი თქმით, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის “ჩახშობის მცდელობა”, რაც NGO-ების განცხადებით, არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ და პროპორციულ საშუალებას.

“განსახილველი შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძველს, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 453-ე მუხლი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს დაჩქარებული წესით მიიღო, რათა საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც ჰქონოდა საფუძველი, შეეზღუდა ადამიანის მთელი რიგი უფლებები. GDI-მ ჯერ კიდევ 20 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მთლიანად მთავრობაზე დელეგირება, ისე, რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს უფლების შეზღუდვის წინაპირობებსა და მასშტაბს, ეწინააღმდეგება კონტიტუციის მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს. მიუხედავად არასამთავრობო სექტორის არაერთი მცდელობისა, საქართველოს პარლამენტს გამოესწორებინა პრობლემები, რომლებსაც აღნიშნული მუხლის მოქმედება ქმნის, მმართველ ძალას საამისო პოლიტიკური ნება არ გამოუჩენია”, — წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, 9 ნოემბრიდან კომენდატის საათის დაწესება ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონის 453-ე მუხლი აღმასრულებელ ხელისუფლებას “თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად” გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. მათი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ კანონმდებელი ჩაანაცვლა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევით, შემოიღო ახალი, მაღალი ინტენსივობის შეზღუდვა.

“ხაზგასასმელია, რომ კომენდანტის საათის დაწესება, მისი ინტენსივობიდან გამომდინარე, როგორც წესი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხდება ხოლმე და მას თან ახლავს მკაცრად გაწერილი სტანდარტები და წინაპირობები. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თავისი ბუნებით, კომენდანტის საათი ზღუდავს არამხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას, არამედ უარყოფითი ეფექტი აქვს მთელ რიგ სხვა კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორის, თავისუფლების ხელშეუხებლობაზე. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია საგანგებო მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც, კომენდანტის საათის დამრღვევ პირებს “დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები.” მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი საგანგებო მდგომარეობის არარსებობის გამო არ მოქმედებს, სავარაუდოა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ნორმების გამოყენებით სამართალდამცავები მიღებული აკრძალვის დარღვევისათვის შესაბამის პირებს შეუზღუდავენ თავისუფლებას, რაც ასევე არაკონსტიტუციური იქნება”, — ვკითხულობთ განცხადბაში.

GDI-ის, ISFED-ისა და HRC-ის განცხადებითვე, გაზაფხულზე დაწესებული კომენდატის საათი მათ მიერ უარყოფითად შეფასდა. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პერიოდში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, აღნიშნული ზომა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურ საშუალებას მაინც არ წარმოადგენს.

“მეტიც, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ეს აღიქმება ხელისუფლების მცდელობად, ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს და ებრძოლოს არა COVID-19-ის გავრცელებას, არამედ — იმ საპროტესტო ტალღას, რომელსაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ვადევნებთ თვალს. ამას განსაკუთრებით მიანიშნებს ის ფაქტი, რომ კომენდანტის საათის მოქმედება გავრცელდა წინასაარჩევნო კამპანიაზეც (აგიტაციაზე), მაშინ როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული სხვა შეზღუდვებისგან გამონაკლის წარმოადგენს”, — წერია განცხადებაში.

NGO-ები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად COVID-19-ით შექმნილი ეპიდსიტუაციით მანიპულირება.

ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.

სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.

ცესკოს შენობასთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კი პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს.