დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
“„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ.
ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგრაფების“ საქმეში მმართველი პარტიისთვის სამსახურის გაწევად შეიძლება შეფასდეს; ამ საქმის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზება.
რაც შეეხება სარგებლის მიღებას, როგორც აღმოჩნდა, „კარტოგრაფების“ საქმის დაწყებიდან 1.5 წლის შემდეგ დავით ხიდაშელის სასარგებლოდ იმგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელმაც სახელმწიფოს კონკრეტული ფინანსური ზიანი მოუტანა.
რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი
რამდენიმე თვის წინ საინფორმაციო ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ გაარკვია, რომ სახელმწიფომ რაჭაში 104,712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.
ლიცენზიის მიმღების რეალური ვინაობისა და ზოგადად გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უარყოფითი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა, რადგან ეს სიურპრიზი იყო როგორც გარემოსდამცველების, ისე ადგილობრივებისთვის. გარიგება მრავალ პრობლემას შეიცავს ტყის მართვისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევის მხრივ, რის გამოც, გარემოსდამცველებმა სასამართლოს მიმართეს, ხოლო, ადგილობრივი მოსახლეობა ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
თუმცა, სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ ამ გარიგებით საქართველომ კონკრეტული ფინანსური ზიანი მიიღო – რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. ჩვენი დათვლით, ამ გზით, სახელმწიფო, დაახლოებით 2,057,593 ლარის (619,757 აშშ დოლარი) პირდაპირ შემოსავალს კარგავს.
საქმის გარემოებები მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ფინანსური ინტერესის საწინააღმდეგოდ, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენის ინტერესის სასარგებლოდ გაკეთდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება იყოს.
სამონადირეო მეურნეობა vs. დაცული ტერიტორია
2022 წლის 10 თებერვალს სსიპ – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ გამოაცხადა აუქციონი, სადაც გასაყიდად გამოვიდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104,712 ჰექტარ ტყეზე 49 წლის ვადით კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზია. აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“. სატყეო სააგენტომ სწორედ ამ კომპანიის განცხადების საფუძველზე დაამუშავა სამონადირეო მეურნეობის მოწყობის იდეა და გამოაცხადა აუქციონი.
გამარჯვებულმა კომპანიამ ლიცენზიის საფასურის სახით 1,151,832 ლარი გადაიხადა და აიღო 5 წლის განმავლობაში დამატებით 5 მლნ ლარის ინვესტირების ვალდებულება. ამრიგად, კომპანიამ ჰექტარში გადაიხარა 11 ლარი და აიღო ჰექტარზე დამატებით 47.7 ლარის ინვესტირების ვალდებულება.
აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ფლობს შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“, რომელსაც, თავის მხრივ, მფლობს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული კომპანია Global Victory Investments Limited. „მთის ამბების“ ძალისხმევით, გაირკვა, რომ ამ კომპანიების საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.
რამდენიმე გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ დავით ხიდაშელი არ არის რიგითი ბიზნესმენი, და რომ ის ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია:
2022 წლის 28-29 მაისს, პრემიერი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდა. როგორც აღმოჩნდა, სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, გაურკვეველი სტატუსით, დავით ხიდაშელიც იყო. |
პარალელურად, რამდენიმე წელია ასევე მიმდინარეობდა რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის იდეაზე მუშაობა. 2021 წლის სექტემბერში „კავკასიის ბუნების ფონდმა“ (Caucasus Nature Fund – CNF) მიაღწია უნიკალურ შეთანხმებას კერძო ფონდ Wyss Foundation-თან. საქართველოს მთავრობამ (გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ) შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს 2021 წლის 21 სექტემბერს მოაწერა ხელი. შეთანხმების მიხედვით, CNF და Wyss Foundation გამოყოფდნენ მაქსიმუმ 14 მილიონ აშშ დოლარს საქართველოში 5 ახალი დაცული ტერიტორიის შესაქმნელად (შიდა ქართლში, რაჭაში, სვანეთში, სამეგრელოსა და გურიაში – არცერთ ამ რეგიონში დღეს ეროვნული პარკი არ არის), იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნებოდა საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტები (IUCN), მათ შორის ნადირობის აკრძალვა.
შეთანხმების მიხედვით, დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია შექმნილი დაცული ტერიტორიის ფართობზე. თითო ჰექტარზე CNF – 15 აშშ დოლარს, ხოლო Wyss Foundation 30 აშშ დოლარს გამოყოფს; შესაბამისად, ამ შეთავაზებით, თითო ჰექტარზე სახელმწიფო 45 აშშ დოლარს, ანუ, დაახლოებით, 149.2 ლარს[1] იღებს.
რაჭის შემთხვევაში, საუბარი იყო მინიმუმ 46,972 ჰექტარზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,113,740 აშშ დოლარი, და მაქსიმუმ – 65,761 ჰექტარ ტერიტორიაზე, რა შემთხვევაშიც დაფინანსება იქნებოდა 2,959,245 აშშ დოლარი. დაფინანსება დაცული ტერიტორიის შექმნიდან პირველი 5 წლის განმავლობაში გამოიყოფა და ხმარდება ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურასა და თანამშრომლების ანაზღაურების დაფარვას.
CNF ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო ფონდია. ორგანიზაცია მრავალი წელია სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყნის მთავრობებს ეხმარება დაცული ტერიტორიების შექმნაში. საქართველოში ის 2009 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში ორგანიზაციამ ქვეყნის 7 დაცული ტერიტორიისთვის თანადაფინანსების სახით 8.5 მლნ ევრო გაიღო.
როგორც წესი, CNF 50%-იანი თანადაფინანსების პრინციპით მუშაობს, თუმცა რაჭის დაცული ტერიტორიის შემთხვევაში უკეთესი პირობებია შემოთავაზებული – ქვეყანას ეროვნული პარკის შესაქმნელად თანადაფინანსება პირველი 4 წელი საერთოდ არ მოუწევს. ფინანსური სარგებლის მხრივ დაცული ტერიტორიის უკეთესი პირობებით შექმნა რთული წარმოსადგენია. |
18 ივლისს, დავით ხიდაშელთან გარიგების შესახებ საგამოძიებო სიუჟეტის ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასვლიდან 2 დღეში, მთავრობამ გამოაცხადა, რომ რაჭაში 50,894 ჰექტარზე შეიქმნებოდა დაცული ტერიტორია. ამ ზომის დაცული ტერიტორია CNF-ისგან 2,290,230 აშშ დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს.
თუმცა, რჩება 14,867 ჰექტარი, რაზეც დამატებით შეიძლებოდა დაცული ტერიტორიის გავრცელება, რა შემთხვევაშიც დაფინანსება 619,757 აშშ დოლარით, ანუ დაახლოებით 2,057,593 ლარით გაიზრდებოდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ტერიტორია დავით ხიდაშელის სამონადირეო მეურნეობის ნაწილი იქნება, რაშიც ის 13-ჯერ უფრო ნაკლებს გადაიხდის.
ხიდაშელის მიერ აღებული 5 მილიონ ლარიანი საინვესტიციო ვალდებულების გათვალისწინებითაც კი სახელმწიფო 1,348,437 ლარს კარგავს (14,867 ჰექტარზე საინვესტიციო თანხა 709,155.9 ლარი გამოდის). თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დავით ხიდაშელი არასაიმედო ინვესტორია – მას 2018 წელს გურჯაანში „ახტალის კურორტის“ შესყიდვით აღებული 12 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.
სხვა სიტყვებით, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღები პირები რაჭის ტყესთან დაკავშირებით ორ შემოთავაზებას განიხილავდნენ:
- ერთი შემოთავაზება ეკუთვნოდა რუსეთთან კავშირის მქონე ბიზნესმენს, რომელსაც არ შეუსრულებია სახელმწიფოს წინაშე აღებული წინა ვალდებულებები და რომელიც ჰექტარში იხდის 11 ლარს (საინვესტიციო ვალდებულებით 58.7 ლარს);
- მეორე ეკუთვნის ავტორიტეტულ საერთაშორისო ფონდს, რომელსაც 8.5 მილიონი ევრო აქვს ჩადებული საქართველოს ბუნების კონსერვაციაში და ჰექტარზე იხდის გარანტირებულ 45 აშშ დოლარს (დაახლოებით 149.2 ლარს), რაც 13-ჯერ უფრო მეტია პირველ შემოთავაზებაზე.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მარტივი უნდა ყოფილიყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამ ორი შეთავაზებიდან სახელმწიფოს მაქსიმალურ სარგებელს მოუტანდა, კერძოდ: მაქსიმალური ფართობის დაცული ტერიტორიის შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე სამონადირეო ლიცენზიის გაცემა. იმ გადაწყვეტილებით, რაც იქნა მიღებული, სახელმწიფომ დაახლოებით 2,057,593 ლარის შემოსავალი დაკარგა.
რეკომენდაცია
რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო სახელმწიფოს მიადგა კონკრეტული ფინანსური ზიანი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულის მიზეზს შესაძლოა კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენდა, მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ შეიცავდა რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს”, – ვკითხულობთ კვლევაში.
დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემის საკითხე Droa.ge რამდენიმე თვის წინაც წერდა. სტატია სრულად იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე.
ინადირებს თუ არა ხიდაშელი რაჭის ტყეებში – ტერიტორიის სამონადირეო მეურნეობისთვის გადაცემა გასაჩივრდა