TI–მ სამებაში, მიწისძვრით დაზიანებული სახლებისა და სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით ნინოწმინდის საკრებულოს მიმართა

389

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოებისა და ახალციხის ოფისის ორგანიზებით, ნინოწმინდაში, სოფელ სამებაში, მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიცია დარეგისტრირდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

პეტიციას ხელს 220 ადგილობრივი აწერს.

“ადგილობრივებს წლების განმავლობაში სტიქიასთან გამკლავება საკუთარი სახსრებით უხდებათ. ბევრი მათგანი ავარიული სახლის გამაგრებას ვერ ახერხებს. ვითარება კიდევ უფრო რთულია სკოლაში, სადაც დაზიანებული ხის იატაკიდან და დაბზარული კედლებიდან შენობაში ქვეწარმავლები ძვრებიან. ამის გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მხარი დაუჭიროს  წარდგენილ პეტიციას და სოფელ სამებაში არსებული საცხოვრებელი სახლების, ასევე, სკოლის შენობის მდგრადობა შეისწავლონ და მათ გასამაგრებლად, ან ალტერნატიული ფართის ასაშენებლად რესურსები ცენტრალური უწყებებიდან მოითხოვონ.

„თითქმის მთელი სოფელი, 25-ვე ოჯახი, ნახევრად დანგრეულ თუ არა დაბზარულ სახლებში ცხოვრობს. ნინოწმინდაში კი არა, ალბათ მთელ საქართველოშიც არ იქნება ასეთი სოფელი მეორე.  „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის“ მიერ ჩვენთვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მხიედვით, 2018-2022  წლებში 3.5 მაგნიტუდის ზემოთ, 40  მიწისძვრა დაფიქსირდა. მათ შორის,  2022 წლის 13 თებერვალს – 6.1, ამავე წლის პირველ მაისს კი – 5.3 მაგნიტუდის. ასეთი მასშტაბის მიწისძვრებმა შესაძლოა, შენობების ნგრევა გამოიწვიოს”, – ამბობს TI-ის სამცხე–ჯავახეთის წარმომადგენელი, თამუნა უჩიძე.

მისივე განმარტებით, ეს ნინოწმინდის საკრებულოში პირველი პეტიციაა და მედი მაქვს, რომ საკრებულო დააკმაყოფილებს.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა“ მიაწოდა ინფორმაცია, დაბალი სიმძლავრის მიწისძვრები  სამებაში მუდმივად ხდება. 2018-2022 წლებში აქ, დაახლოებით, 11 000 ბიძგი დაფიქსირდა, რაც ეფექტიდან გამომდინარე ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა, ძლიერი ბიძგების შედეგად დაზიანებულ შენობებს კიდევ უფრო აზიანებს.

ამავე უწყების ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის მაისიდან, ჯავახეთის ქედზე სეისმური კერა კიდევ უფრო გააქტიურდა, ამიტომ დაბალი კლასის მქონე მიწისძვრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. 2 მაგნიტუდის მიწისძვრების ოდენობა 2018 წლიდან 177-დან 2021-22 წლებში 1463-მდე გაიზარდა.