მელია: მეორე ტური, სავარაუდოდ, იქნება 21 ნოემბერს, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკისპარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ

505

მეორე ტური, სავარაუდოდ, იქნება 21 ნოემბერს და ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკისპარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ

მეორე ტურისთვის როდესაც “ქართული ოცნება” ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით იქნება დაკავებული, ჩვენ გამოვიდეთ და მშვიდობიანი ჯაჭვში ჩავდგეთ. ამის შესახებ დღეს აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

“გიფრთხილდებით, მინდა რომ შაბათს ძალიან ბევრი ვიყოთ, ლაღები და ჯანმრთელები, სწორად გამიგეთ არ გეწყინოთ. მეორე ტური, სავარაუდოდ, იქნება 21 ნოემბერს და მაშინ, როდესაც მთელი ქართული ოცნება ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკისპარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

მეორე დღეა ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რუსთაველზე შეკრებილი ხალხი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და რიგაგრეშე არჩევნებს ითხოვს.

ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.

სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.