“ჩაერთე და მართე” – რა ინიციატივებით მიმართა თვითმმართველობებს ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მოსახლეობამ

1360

“ჩაერთე და მართე” – 2023 წელს ამ დევიზით გაგრძელდა ასოციაცია “დეას” სამოქალაქო აქტივიზმის პროექტი სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში. ამჯერად, ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის თვითმმართველობებს, 6 ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის სახელით, გაეგზავნათ იმ საჭიროებების ჩამონათვალი, რომლის გადაჭრაც ყველაზე პრიორიტეტულად ჩაითვალა და მოლოდინია, რომ 2024 წელს წინადადებების ნაწილის გათვალისწინება მაინც მოხდება.

მანამდე კი, ამ 6 ადმინისტრაციულ ერთეულში ასოციაცია “დეამ” თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოაწყო შეხვედრები, სადაც მოქალაქეებმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საკუთარ საჭიროებებსა და პრობლემებზე ისაუბრეს და დაპირებაც მიიღეს, რომ მათი წინადადებების განხილვა-შესრულება შეძლებისდაგვარად მოხდება.

სამოქალაქო აქტივიზმის პროექტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “დეას” ხელმძღვანელობით, 2020 წელს, პირველ ჯერზე, ზუგდიდში დაიწყო. 2022 წელს კი მას ფოთი და წალენჯიხა დაემატა. 2022 წელს პროექტის დევიზი იყო “არაფერი ჩვენ გარეშე” და სამი მოწყვლადი ჯგუფის – შშმ პირების, ქალებისა და ახალგაზრდების გააქტიურებასა და საკუთარი საჭიროებების თვითმმართველობისთვის გაზიარებას ისახავდა მიზნად. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გასული წლის მუნიციპალურ ბიუჯეტებში აქტივისტების მიერ შემუშავებული წინადადებების ნაწილი გაითვალისწინეს.

აქტიურობა გაგრძელდა 2023 წელსაც, ახლა უკვე ახალი დევიზით – “ჩაერთე და მართე”. ზუგდიდში შეირჩა ახალაბასთუმანი და კოკი, წალენჯიხაში – ფახულანი და ჭალე, ხოლო ფოთში – ადმინისტრაციული ცენტრები – ნაბადა და კუნძული.

მოსახლეობაში დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, რომელშიც ახსნილი იყო, რომ მოსახლეობას შეუძლია, პეტიციის შექმნით, დასახლების საერთო კრებაში მონაწილეობითა თუ საკრებულოს სხდომებში მონაწილეობით, საკუთარი ქალაქის, სოფლისა თუ უბნის პრობლემები მიიტანოს თვითმმართველობამდე და ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინება მოითხოვოს. შემდეგ კი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მოსახლეობის შეხვედრებიც შედგა.

პრიორიტეტები უკვე შერჩეულია – 2024 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას 7 წინადადება გაეგზავნა, ფოთს – 4, ხოლო წალენჯიხას – 5.

რა სჭირდება ფოთს

ფოთის მერიას 2024 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად 4 ინიციატივა გაეგზავნა: ახალგაზრდული ცენტრების მხარდაჭერა; საბავშვო ბაღებში თანამშრომელთა გადამზადება ინკლუზიური სწავლების მეთოდებზე; შშმ პირებისთვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა; ზღვის სანაპირო ზოლის ადაპტირება.

მოსახლეობასთან შეხვედრა ფოთში; ასოციაცია “დეას” ფოტო

“ხშირად ხდება ისე, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თვალთახედვიდან რჩებათ ადამიანების რიგი საჭიროებები. ამიტომაც, როდესაც შეკითხვებს მოქალაქეები სვამენ, ეს ხელისუფლების წარმომადგენლების ერთგვარი გამოფხიზლებაცაა – მოისმინონ პრობლემები და გაითვალისწინონ ისინი. შეკითხვები იმდენია დასასმელი და იმდენი რამეა ქალაქში გასაკეთებელი, რომ აქტიურობას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ”, – აცხადებს ფოთის საინიციატივო ჯგუფის წევრი ლევან მაშავა.

ის ფოთის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის და პროექტში 2023 წელს ჩაერთო. ამბობს, რომ პროექტმა მისცა საშუალება, დალაპარაკებოდა იმ ხალხს, ვისაც ქალაქის მართვა აბარია და მოლოდინი აქვს, რომ პრობლემები ნელ-ნელა მოგვარდება.

ლევან მაშავა: “ორგანიზაცია “დეა” ატარებდა ტრენინგს სამოქალაქო თვითშეგნების გაზრდაზე, სადაც მოწვევით მივედი და ამის შემდეგ აქტიურად ჩავერთე აქტივიზმში. ორგანიზაციის ინიციატივით, ქალაქის ორ უბანში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ. თავდაპირველად ისაუბრეს, თუ რა პროექტები ხორციელდება ქალაქში და რა იგეგმება. მოქალაქეებმა და, მათ შორის, მეც, დავსვით შეკითხვები იმ პრობლემებზე, რაც, ჩვენი აზრით, გასათვალისწინებელი იყო. მოქალაქეების შეკითხვებს და საჭიროებებს ინიშნავდა “დეას” წარმომადგენელი და ამ საჭიროებების გათვალისწინებით შემუშავდა ინიციატივებიც, რომლებიც 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გვინდა გაითვალისწინონ. კონკრეტულად, გვაინტერესებდა, როგორ მოხდება ქალაქის ტერიტორიაზე ძეგლის სტატუსის მქონე შენობების გარემონტება-გალამაზება, ასევე, როგორ მოგვარდება პარკინგის პრობლემები. პირადად მე, მქონდა შეთავაზება, რომ, როდესაც ტროტუარები კეთდება, პანდუსებიც გაკეთდეს. გვითხრეს, რომ ამ პრობლემებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ჩემს ქალაქში შეიმჩნევა, რომ ნელი ტემპით, მაგრამ მაინც მივდივართ წინ. ამიტომაც, იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ჩვენი ინიციატივები შესრულდება. თუ ასე არ მოხდება, ისევ დავსვამთ ამ შეკითხვებს და ისევ მოვითხოვთ”.

ასევე წაიკითხეთ: “არაფერი ჩვენ გარეშე” – სამეგრელოს სამ მუნიციპალიტეტში შშმ პირები, ქალები და ახალგაზრდები ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთარი საჭიროებების გადაწყვეტას ერთობლივად სთავაზობენ

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე ინფრასტრუქტურულ და იურიდიულ საკითხებში, თენგიზ ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ფოთში მოქალაქეების პრობლემებზე რეაგირება მაღალია, თუმცა, ყველაფერს თავისი დრო აქვს და რეაგირება პრიორიტეტების მიხედვით ხდება.

თენგიზ ცაგარეიშვილი: “შეხვედრებზე ინფრასტრუქტურის სამსახურს წარმოვადგენდი და მოსახლეობას დეტალურად გავაცანი მიმდინარე და სამომავლო პროექტები. მოქალაქეების მთავარი ინტერესის საგანიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იყო. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ნაბადის უბანში, სარსანიასა და შავი ზღვის ქუჩებზე, სამუშაოებიც დაიწყო. საუბარი იყო შუქნიშნებზეც, საბავშვო ბაღებზეც. წელს ვგეგმავთ, რომ მოვაწყოთ ადაპტირებული შუქნიშნები და გადასასვლელები. ასევე, მაგალითად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აშენებს ორ საბავშვო ბაღს. მე შემიძლია, ყველა პროექტი ჩამოვთვალო, რაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და რაც იგეგმება. შეხვედრებზე ყველაფერი მიმოვიხილეთ, საუბარი იყო სხვა მიმართულებებზეც, რომლებიც ჩემს სამსახურს არ ეხება და არ მინდა, სხვის კომპეტენციაში შევიდე.

ფოთში მოქალაქეების პრობლემებზე რეაგირება დიდია. მერს მოქალაქეთა მიღების დღეებიც აქვს. ისინიც აქტიურად მოდიან და ხდება იმ მიმდინარე პრობლემების განხილვა, რაც მათ აწუხებთ. ეს შეხვედრაც სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ადგილობრივებისთვის გაგვეცნო, რა იგეგმება ქალაქში, ასევე, ადგილზე მოგვესმინა, რა პრობლემები აქვთ და რა არის მათთვის პრიორიტეტი. სიმართლე გითხრათ, მოქალაქეების მხრიდან რა წინადადებებიც მოდის, ჩვენ ისედაც გათვალისწინებული გვაქვს ხოლმე. თუკი არის წინადადებები, რაც ჩვენ არ გვაქვს განხილული, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ და ეტაპობრივად ვითვალისწინებთ. უცებ ქალაქი ვერ აშენდება, მაგრამ ძალიან სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ”.

რა წინადადებები აქვთ წალენჯიხაში

წალენჯიხის თვითმმართველობას 5 ინიციატივა წარედგინა: არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; შშმ პირებისთვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა; მოსახლეობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა; ქალთა ოთახის შექმნა; შშმ პირთა სოციალური დაცვა და რეაბილიტაცია.

მოსახლეობასთან შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში; ასოციაცია “დეას” ფოტო

წალენჯიხაში “დეას” პროექტის კოორდინატორის, თამარ კვარაცხელიას თქმით, 2-3 ინიციატივაც რომ შესრულდეს, უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

“შარშანდელი ინიციატივების ნაწილი გაიზიარეს და იმედს ესეც იძლევა. მოსახლეობამ დაინახა, რომ არასამთავრობოების დახმარებით და მათი აქტიურობით ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი”, – ამბობს კვარაცხელია, რომელიც უკვე მეორე წელია, აქტიურად არის ჩართული “დეას’ პროექტებში.

თამარ კვარაცხელია: “ფახულანში შეხვედრისას, ქვედა ჭალეს მოსახლეობამ თქვა, რომ მათ სოფელს არათუ გრაფიკით, საერთოდ არ მიეწოდება წყალი. დეპუტატმა მოგვცა პირობა, რომ ეს საკითხი 2024 წლის ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ასევე, საუბარი იყო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ფახულანი და ჭალე ადმინისტრაციული ცენტრიდან საკმაოდ არის დაშორებული და მოსახლეობას ან საკუთარი მანქანებით, ან ტაქსებით უწევს გადაადგილება. შარშანაც იყო ტრანსპორტთან დაკავშირებით ინიციატივა და მერიამ ის ნაწილობრივ გაითვალისწინა. რამდენიმე მიმართულებით დაინიშნა უფასო ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობას კვირაში რამდენჯერმე ემსახურება. ახლა ხალხი ამბობს, რომ ყოველდღიურად სჭირდება ტრანსპორტი და მომსახურებაზე თანხასაც გადაიხდის. დაპირება მივიღეთ, რომ სხვადასხვა მიმართულებაზე უფასო მარშრუტი დაემატება. ასევე, წინადადებები იყო ჯანდაცვასთან დაკავშირებითაც. ფახულანში, ნესტიანი გარემოს გამო, მენჯ-ბარძაყის დაავადებები ხშირია და მოთხოვნა იყო, ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას, არასაპენსიო ასაკის მქონე პირთა თანადაფინანსება მოხდეს.

ასევე წაიკითხეთ: „აქტიურობას გავაგრძელებთ, მომავალში უფრო თამამად მოვითხოვთ…“ – მოქალაქეთა ინიციატივები, რომლის ასახვაც სამეგრელოს სამი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა მოხდეს

რაც შეეხება ჭალეს, აქაც პრობლემაა ტრანსპორტი; ასევე, ერთ-ერთ უბანში პრობლემად დასახელდა სანიაღვრე არხების მოწესრიგება, იტბორება ეზოები. იყო შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ სახლებშიც შევიდა წყალი. აგრეთვე, ითქვა, რომ დევნილებით დასახლებულ ფოცხო-ეწერში იმდენად დაზიანებულია გზა, რომ ტრანსპორტით გადაადგილებისგანაც იკავებენ თავს. ეს ინიციატივები მივაწოდეთ მერიას, ინფორმირებულები არიან, სიტყვიერად მოგვცეს პირობა, რომ ამ წინადადებებს გაითვალისწინებენ”.

წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და გენდერისა და შშმ პირთა საბჭოების წევრი, მაია მიქავა აცხადებს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები ბევრ სიახლეს იძლევა. მით უმეტეს, როცა პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ერთვება, ადგილობრივებს მეტი ნდობა უჩნდებათ და საკუთარ პრობლემებზეც მეტად გახსნილად ჰყვებიან.

მაია მიქავა: “პირველი შეხვედრა იყო სოფელ ფახულანში, სადაც მეწარმე ქალბატონს მერიიდან დაფინანსების მიღება სურდა. ბიუჯეტში არსებობს მეწარმეთა ეკონომიკური დახმარების მუხლი, სადაც შარშან 10 000 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა, ამ ქალბატონის მხარდაჭერა ვერ მოხერხდა, რადგან პროგრამა არ იყო შედგენილი, თუ კონკრეტულად რა საჭიროებებს უნდა მორგებოდა ეს მუხლი. წლევანდელ ბიუჯეტში ეს მუხლი ისევ გათვალისწინებულია, მაგრამ პროგრამას ისევ ვერ ვხედავ. როგორც ვიცი, მერი თავად შეხვდა მეწარმეს და ეს თანხა ჩასვეს მუხლში. შემდეგი შეხვედრა იყო სოფელ ჭალეში, სადაც კულტურის ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. აქ, ასევე, განთავსებულია ბიბლიოთეკა, სპორტული და ცეკვის წრეები. ეს საკითხი გათვალისწინებულია. ასევე, ზოგიერთი უბანი ითხოვდა გზების მოხრეშვას თუ ბეტონის გზას, თუმცა, ბიუჯეტში, ამ ეტაპზე, ეს გათვალისწინებული არ არის. იყო მოთხოვნა და ბიუჯეტში გათვალისწინებულია ტრანსპორტის თანადაფინანსება. წალენჯიხას მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავს და საპილოტე პროგრამით, 3 სოფლის მიმართულებით, უფასო ტრანსპორტი არსებობს, მომავალ წელს ამ პროგრამას კიდევ სამი სოფელი დაემატება. შეხვედრებზე საუბარი იყო შშმ პირებზეც. სოციალურმა სამსახურმა მოამზადა ორი ახალი პროგრამა – უსინათლოთა დახმარება და ხანდაზმულთა ყოველთვიური დახმარება, მაგრამ, თანხების არარსებობის გამო, ეს პროგრამა ბიუჯეტიდან ამოიღეს. ასევე, რამდენი ხანია, ვითხოვთ პანდუსების გაკეთებას თუნდაც მერიაში და ვნახოთ, წელს მაინც თუ მოხერხდება”.

მისი თქმით, როცა მუნიციპალიტეტი დოტაციაზეა და მწირი ბიუჯეტი აქვს, ყველა პრობლემის ერთად მოგვარება ძალიან ძნელია.

“თვითმმართველობა მზადაა, ეს პროექტები განახორციელოს, უბრალოდ, შეიძლება ვიდავოთ პრიორიტეტებზე – რა სჯობს, პირველად გაკეთდეს – წყლით მომარაგება და სოციალური პროგრამები, თუ სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობა. აღმასრულებელი ხელისუფლება, ძირითადად, უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. კარგი იქნებოდა, ყოველთვის საჭიროებების კვლევის შედეგად ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომაც არის არასამთავრობოების ინიციატივები და ჩართულობა საჭირო და საინტერესო. ვფიქრობ, ასეთი აქტიურობა უნდა გაგრძელდეს”, – დასძენს მიქავა.

რას ელიან ზუგდიდში

ზუგდიდის თვითმმართველობას 7 ინიციატივა წარედგინა: ანაკლია-განმუხურის ბულვარის და სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურის ადაპტირება; შრომის ბაზრის კვლევა და დასაქმების ხელშეწყობა; მუნიციპალური მომსახურების ცენტრების მოწყობა სამ სოფელში მოქალაქეთა მეტი ჩართულობისა და სერვისებზე მეტი ხელმისაწვდომობისთვის; საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გადამზადება ინკლუზიური სწავლების მეთოდებზე; შშმ პირთათვის ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა; საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა; ზუგდიდში დადიანების სასახლის უკან მდებარე ატრაქციონების კეთილმოწყობა/გამართვა და ადაპტირება.

მოსახლეობასთან შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში; ასოციაცია “დეას” ფოტო

ზუგდიდის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, ანი ჭანიას თქმით, შეხვედრებისას თვითმმართველობის წარმომადგენლები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და მოსახლეობასაც დაპირებებს აძლევდნენ, რომ 2024 წელს თუ არა, 2025 წლისთვის მაინც მოახერხებდნენ პრობლემების გათვალისწინებას.

ანი ჭანია: “შეხვედრებზე იყვნენ მერიიდან, ასევე, საკრებულოს სხვადასხვა კომისიის წარმომადგენლები და თავად საკრებულოს თავმჯდომარე. სოფელ კოკში ითქვა, რომ სკოლის ნაწილის რეაბილიტაცია, ასევე, ბიბლიოთეკის მოწყობა და შენობის რეაბილიტაცია იყო საჭირო. ახალ აბასთუმანში დანაგვიანების პრობლემაზე ისაუბრეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები დგას; ასევე, საუბარი იყო საბავშვო ბაღის თანამშრომლების გადამზადებაზე; წამოიჭრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის დაფინანსების საკითხიც.

ითქვა, რომ საჭიროებები ბევრია, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი მცირე და ყველაფრის შესრულება ვერ ხერხდება. გარკვეულ ვადებსა და წინაპირობებზეც იყო საუბარი. მოსახლეობას იმედი მისცეს, რომ ეტაპობრივად მოახერხებენ ყველა ინიციატივის შესრულებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. „დეაც“ აქტიურად გაუწევს ამ საკითხს მონიტორინგს. ორგანიზაცია მუდმივად აკვირდება, რას აკეთებს თვითმმართველობა, რა დაიწყო და რომელი საკითხი რა პროცესშია”.

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიგა ფარულავა ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის ყველა ინიციატივა არსებული საჭიროებებიდან გამომდინარეა – “ვერცერთ ინიციატივაზე ვერ ვიტყვით, რომ საჭირო არ არის. ბუნებრივია, რაც საზოგადოებას აწუხებს, ეს ინიციატივები მოაქვს პირთა გარკვეულ ჯგუფს და ამ საჭიროებებიდან შემდეგ უკვე პრიორიტეტული მიმართულების შერჩევა ხდება”.

გა ფარულავა: “კოკის მოსახლეობის მხრიდან ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იყო მიუსაფარი ცხოველების პრობლემა. ამ მიმართულებით საკრებულოს მიღებული აქვს დადგენილება და მერიას მიმართა, რომ 2024 წლის ივნისამდე დააფუძნოს შესაბამისი იურიდიული პირი და დაიწყოს თავშესაფარზე ზრუნვა. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ მერია ნაბიჯებს გადადგამს. ასევე, იყო საუბარი სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეს შეეხებოდა გზას, ადმინისტრაციული შენობების გადახურვას, ბიბლიოთეკის მოწყობას. საუბარი გვქონდა სხვა პატარ-პატარა პროექტებზეც, რომლებიც სოფლის მხარდაჭერის პროექტით უნდა გაკეთდეს, ან რომლის ინიცირებაც მოხდება უკვე 2024 წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართულებით. სამწუხაროდ, ყველაფრის გათვალისწინება ვერ ხერხდება.

ასევე წაიკითხეთ: სამოქალაქო აქტივიზმის პირველი შედეგი – რა გაითვალისწინეს ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებმა 2023 წლის ბიუჯეტისთვის

ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში ითხოვდნენ გზის რეაბილიტაციას, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მერია ამას რამდენად ჩასვამს პრიორიტეტების დოკუმენტში, 2024 წლის დასაწყისიდან ვნახავთ. ჩვენ, საკრებულო, გარკვეულ პროექტებს ვიწონებთ, მაგრამ აღსრულება უკვე მერიის პრეროგატივაა.

ასევე არის უშუალოდ “დეას” ინიციატივებიც. მაგალითად, შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურის ადაპტირება და ამ ნაწილში მერიას კონკრეტული თანხები განსაზღვრული აქვს. საუბარია, ასევე, ატრაქციონებზეც. დადიანების სასახლის უკან არის ატრაქციონები, რომელიც დახურულია და შესაბამისი საექსპერტო დასკვნა დევს, რომ მისი ფუნქციონირება დაუშვებელია. ამ მიმართულებით მერიას რაიმე წინადადება ჯერ არ წარმოუდგენია”.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, საკითხების რაღაც ნაწილი ბიუჯეტში შესულია, ნაწილი – ვერ შევიდა, ვინაიდან, რესურსების სიმწირის გამო, ყველა ინიციატივის ერთდროულად გათვალისწინება შეუძლებელია – “არსებულ რეალობას ვერ გავექცევით, მუნიციპალიტეტების შემოსავლების ნაწილი საკმაოდ მწირია”.

2024 წლის ბიუჯეტი სამივე მუნიციპალიტეტში გასული წლის ბოლოს დამტკიცდა. საინიციატივო ჯგუფების მიერ წამოყენებული ინიციატივების ნაწილი მთავარ საფინანსო დოკუმენტში ასახულია. ახლა მთავარია, შეძლებენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას – ასოციაცია “დეა” და პროექტში ჩართული აქტივისტები ამ პროცესს მთელი წლის განმავლობაში დააკვირდებიან და შედეგებს 2024 წლის მიწურულს გაასაჯაროებენ.

   

 

 

 

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია “ასოციაცია დეას” დაკვეთით, პროექტის – “მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა ზუგდიდის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი პროგრამებისა და ბიუჯეტის მონიტორინგის მიზნით” ფარგლებში. მისი მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.