ცესკოსთან დაკავებული 19 პირიდან 3 გაათავისუფლეს, ორს – 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

396

საქალაქო სასამართლოში ცესკო-სთან დაკავებული 5 პირის ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავებული 19 პირიდან სამი, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კოკა თოფურია 3-3 ათასი ლარით დააჯარიმეს, 2 პირს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი 14 პირის სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის 19 მონაწილე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ახლა პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, 22:00 საათის შემდეგ კი “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება.

სწორედ დღეიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან. “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ 22:00 საათის შემდეგ აქციის გამართვას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ცესკოს წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები  წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაშალეს, დაშლისას აქციის მონაწილეეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა თავდაპირველად აქცია რუსთაველის გამზირზე გამართეს. მას შემდეგ კი, რაც მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, გუშინ, 8 ნოემბერს აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს. ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმდინარეობა მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის სამმა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ.