„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ პირები, რომლებიც ცესკოსთან გუშინდელ აქციაზე ქვებს ისროდნენ და ჯებირებს ძალადობრივად ანგრევდნენ, მიგზავნილი პროვოკატორები იყვნენ.
როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მან რამდენიმეს პირადად მოუწოდა, რომ გაჩერებულიყვნენ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ.
„ვნახეთ ქვის სროლა. ესენი იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც „მათი“ მხრიდან იყვნენ შემოგზავნილები იმისთვის, რომ ეს სურათი შეექმნათ. რამდენიმესთან პირადად მივედი და ვთხოვე, გაჩერებულიყო, მაგრამ ჩვენს ნათქვამს არ ემორჩილებოდნენ. ამიტომ იყო, რომ მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება აქციის დაშლასთან დაკავშირებით. ჩვენ პასუხისმგებლობით მოვიქეცით და დავშალეთ აქცია იმისთვის, რომ განგრძობადი აგრესიული ქმედება არ ყოფილიყო“,-განაცხადა ვაშაძემ.
მისი შეფასებით, აქციის მონაწილეები მშვიდობიან პროტესტს გეგმავდნენ.
„საზოგადოებამ ნახა, რომ აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო ჩვენი ღონისძიება -12 კმ-იანი მსვლელობა ცესკო-სკენ. ხელისუფლებამ სცადა, თავისი პროვოკაციური ქმედებით ხალხის მძიმეა რეაქცია გამოეწვია. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია მათი მხრიდან, წყლის ჭავლით რამდენიმე ათეული ადამიანის დაშლა, რომელიც ცესკო-სთან იმყოფებოდა, სანამ მათი ძირითადი ნაკადი მივიდოდა. ამას გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. თუმცა, სამწუხაროა, რომ მათ ეს პროვოკაციული ქმედებები გააგრძელეს. დღეს ოპოზიციურ პარტიებს შორის გვქონდა კომუნიკაცია ამ საკითხზე, ასევე დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პრინციპში, ყველა თანხმდება, რომ მათ გადამეტებული ძალა გამოიყენეს. რაც მთავარია, ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ აგრესიული ქმედებები გამოეწვიათ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც ხალხს დაშლისკენ მოვუწოდეთ, რათა მსგავსი პროვოკაციული ქმედებები არ გაგრძელებულიყო“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი განმარტებით, აქციაზე უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ თვალი უნდა გაუსწოროს.
„ერთი რამ შემიძლია ცალსახად ვთქვა, ამდენი თვითდინებით გამოსული ადამიანი არცერთ აქციაზე არ მინახავს ბოლო წლების მანძილზე. ეს არის ფაქტი და რეალობა. ამას რაც უფრო მალე გაუსწორებს თვალს „ქართული ოცნება“, გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება. ყველაზე ცუდი, რასაც აკეთებს კობახიძე, კალაძე და ყველა, ეს არის ცინიკური უგულვებელყოფა იმ ადამიანის არჩევანის მოსაზრების, რომლებიც დღეს საქართველოში უმრავლესობაში არიან“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ასეთ დროს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიებაზე უნდა ფიქრობდეს.
„ჩვენ ჩვენი გამოსავალი ვთქვით, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და საარჩევნო სისტემის სრული მოდერნიზაცია, ცენტრალური სარჩევნო კომისიის თამჯდომარის გადადგომა და საარჩევნო კომისიების შემადგენლობის პარიტეტული წესით დაკომპლექტება. ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ნათელია. ამის სანაცვლოდ, ჩვენ ვიღებთ დაცინვას, შეურაცხყოფას და იმას, რომ თურმე ეს ადამიანები ყველაზე უფრო ადეკვატურები არიან ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, ის მშვიდობიანი და არაძალადობრივი პროტესტის მომხრეა.
„ჩვენ ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბეთ, მე ხელისუფლების მხრიდან ალტერნატიული პოზიცია არ მომისმენია. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ოპოზიციური ერთობა დაიშლება და ამით რაღაცას იზამს, ამის ცრუ იმედები „ქართულ ოცნებას“ შარშანაც ჰქონდა საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. ახლა გაცილებით მეტი რამ არის სასწორზე. ეს არის ქართული დემოკრატია, არჩევანის თავისუფლება, სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ვაშაძემ.
მან ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიალოგის ალტერნატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვინც არ უნდა იყოს, საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს.
„ივანიშვილის გარეშე მისი მარიონეტები გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ მეორე მხარეს ივანიშვილი იქნება. ამას არ აქვს ახლა პრინციპული გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარია, პროცესი დალაგებისა და კოორდინაციისკენ წავიდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ამ წუთებში, პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან.