საია: გაუმართლებელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება

380

პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ წყლის ჭავლის გამოყენება რთული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის სისტემის სრული კრიზისის გამო, გაუმართლებელია. საია შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს:

“შეშფოთებით აკვირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და შექმნას პოლიტიკური დიალოგის მექანიზმი, საქართველოს მოქალაქეებს უწევთ პოლიციის პირისპირ დგომა, სიტუაცია კი უფრო და უფრო რთულად სამართავი ხდება.

საია განმარტავს რომ: სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი გაფრთხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია. პოლიცია უნდა შეეცადოს, მიყენებული ზიანი იყოს მინიმალური და თანაზომიერი;

გაუმართლებელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ.

საია მიიჩნევს, რომ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ღრმად გვწამს, რომ პოლიტიკური კრიზისები ძალის გამოყენებით არ უნდა წყდებოდეს, არამედ კონსენსუსით და შეთანხმებით. კრიზისების მართვა, რთულ ვითარებაში გამოსავლის ძიება და საზოგადოებაზე ზრუნვა პოლიტიკოსების მთავარი დანიშნულებაა, ხელისუფლებას კი ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება,” – წერს საია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად  წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ.  მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.