ოპოზიცია ხელისუფლებას თამარ ჟვანიას გადასაყენებლად ვადას 20:00 საათამდე აძლევს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში მზადაა ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების საკითხზე შეხვდეს

482

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლებას ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც ვადას დღეს, 20:00 საათამდე აძლევს.

როგორც ოპოზიციური პარტიების აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, 20:00 საათამდე ჟვანიას გათავისუფლების შემთხვევაში, ოპოზიცია მხად არის შეხვდეს ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

„საღამოს 8 საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ქალბატონი ჟვანია და თქვენი სახელით ოპოზიციის წარმომადგენლები ვართ მზად, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილო, საქართველო არის ეს, საქართველო არ ხარ შენ, შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა. თუ არ წახვალ – გაგიშვებთ! უკან დასახევი გზები ჩახერგილია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაში თბილისის გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ხელშეწყობით არჩევნები გააყალბა, რის გამოც, აქვიის მონაწილეები მის გადადგომასაც ითოხვენ. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1 %-იანი ბარიერი გადალახეს, ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.