2019 წელს, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების გამო „თბილისი ენერჯის“ ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელიც შემთხვევის შედეგად დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში იცავდა.
მათი განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი არასრულწლოვნის სარჩელი მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს „თბილისი ენერჯის“ დაეკისრა მოსარჩელეთათვის სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე სარჩოს გადახდის, ასევე, ჯანმრთელობისა და ოჯახის წევრების გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
უფრო კონკრეტულად, მოპასუხე შპს „თბილისი ენერჯის“ არასრულწლოვანი მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა:
სარჩოს გადახდა დედის გარდაცვალებიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე;
ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 000 და 2 000 ლარის ოდენობით;
დედისა და ძმის გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელისთვის 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით.
საია-ს ცნობით, სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში.
„2019 წლის იანვარში, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა ბუნებრივი აირის შესაძლო გაჟონვის შესახებ არაერთხელ შეატყობინეს შპს „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ცენტრს. ადგილზე გამოცხადებულმა კომპანიის თანამშრომლებმა, ოსტატმა და ზეინკალმა, არ შეასრულეს კანონმდებლობითა და სამსახურებრივი ინსტრუქციით მათთვის დაკისრებული ვალდებულება – სრულად შეემოწმებინათ როგორც მთლიანი სადარბაზო, ასევე, თითოეულ სართულზე არსებული ბინები, ლიფტის შახტა და სათავსო. ასევე, მათ არ მიუღიათ რაიმე პრევენციული ზომა შესაძლო ავარიის თავიდან ასაცილებლად. მათ მიერ გამოძახების ადგილის დატოვებიდან, დაახლოებით, ორ საათში მოხდა გამოჟონილი და დაგროვილი ბუნებრივი აირის ძლიერი აფეთქება, რამაც გამოიწვია ოთხი ადამიანის, მათ შორის, მოსარჩელეების დედის და მცირეწლოვანი ძმის გარდაცვალება. აფეთქების შედეგად მოსარჩელეების ჯანმრთელობასაც მიადგა ზიანი.
მომხდარის გამო შპს „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებს დაეკისრათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შედეგად, მათ მიესაჯათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. რაც გულისხმობს გულგრილობას, რომელიც გამოიხატა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ მათი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში/არაჯეროვნად შესრულებაში დაუდევარი დამოკიდებულებების გამო.
სისხლის სამართლის განაჩენებითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ არსებობდა აფეთქების სამი კერა: კორპუსში არსებული ერთი კონკრეტული ბინა, კორპუსის ლიფტის შახტა და სადარბაზო. შპს „თბილისი ენერჯი“ აპელირებდა იმაზე, რომ აფეთქება და შესაბამისად, დამდგარი შედეგი განაპირობა კონკრეტულად ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ, რაზეც, მოპასუხის მითითებით – პასუხისმგებლობა სწორედ იმ ბინის მესაკუთრეს ეკისრებოდა და არა შპს „თბილისი ენერჯის“ ან მის თანამშრომლებს. მოპასუხე უარყოფდა მისი თანამშრომლების გულგრილობის ფაქტს, რომლებსაც ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინათ, ისინი აღმოაჩენდნენ გაჟონვის კერებს და მოსახლეობას შეეზღუდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული მომხდარი ტრაგედია. ამასთან, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, აფეთქების ამ მასშტაბს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბინაში მომხდარი აფეთქება ვერ გამოიწვევდა. ამავდროულად, შპს „თბილისი ენერჯი“ არ იზიარებდა მისი, როგორც ლიცენზიატი კომპანიის ვალდებულებას, სისტემატურად შეემოწმებინა, მათ შორის, ის კონკრეტული ბინა, სადაც ჟონავდა ბუნებრივი აირი.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის სამართლებრივი პოზიცია შპს „თბილისი ენერჯის“, როგორც დამსაქმებლისა და როგორც ლიცენზიატი კომპანიის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სახეზე იყო მოპასუხის თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი. ამასთან, სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, „აშკარად იკვეთება შპს „თბილისი ენერჯის“ ვალდებულება, შეემოწმებინა ის კონკრეტული ბინა და ის, რომ ამ აფეთქებასაც ჰქონდა თავისი წილი, ბინის მესაკუთრესთან ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს შპს „თბილისი ენერჯის,“ როგორც ლიცენზიატ კომპანიას“.
აღნიშნული განმარტება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დადგინდა შპს „თბილისი ენერჯის“, როგორც არა მხოლოდ კერძო დამსაქმებლის, არამედ როგორც სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მქონე სუბიექტის – ლიცენზიატი კომპანიის პასუხისმგებლობა, განახორციელოს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის უსაფრთხო მიწოდება და სისტემატური შემოწმება“,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.