უდუმაშვილი: გაფრთხილების გარეშე, მშვიდობიან მანიფესტანტებს დაუშვეს წყლის ჭავლი – ხელისუფლება რაც უფრო მეტ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს, მით უფრო მძიმე კრიზისში შევა ქვეყანა

404

წინა სტატია

მოვლენების განვითარება ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტ ასეთ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს, მით უფრო მძიმე კრიზისში შევა ქვეყანა , – ასე ეხმაურება პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, საზოგადოების პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბური გახდება.

“ეს არის ხელისუფლების პასუხი ხალხის მოთხოვნაზე, იმ ათი ათასობით ადამიანის მოთხოვნაზე, რომელიც დღეს ქუჩაში იდგა. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, აქ მოსულ მშვიდობიან მანიფესტანტებს დაუშვეს წყლის ჭავლი, არიან დაზიანებულებიც, მაგრამ თუ ჰგონიათ, რომ საკუთარ თავს გადაირჩენენ, ძალიან ცდებიან. პროტესტი გაგრძელდება, კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, იმიტომ რომ ხალხი ხედავს, რას პასუხობს ხელისუფლება მათ მოთხოვნებს. მოვლენების განვითარება ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტ ასეთ უგუნურ ნაბიჯს გადადგავს, მით უფრო მძიმე კრიზისში შევა ქვეყანა. მუხტი და განწყობა არის ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვისაც მოპარეს და წაართვეს არჩევნები. ეს ხალხი იქნება 24 საათი საპროტესტო რეჟიმში, ვიდრე არ მიაღწევს საბოლოო შედეგს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მოგვიანებით კი მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.