ამ ქვეყანაში „გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა და გრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ხალხი ითხოვს მართალ არჩევნებს, სამართლიან ცესკო-ს, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს და არა დაწერონ. ქართველი ხალხის უზენაესი ნება აღსრულდეს, რა ნებასაც მე გამოვხატავ, ის ნება აისახოს და არა დამიწერონ და დამცინონ, არა სულში შეურაცხყოფა მომაყენონ, მთელი ქვეყანა თანხმდება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. ბრძოლა იქნება ბოლომდე.
იქნება ბრძოლა თავისუფლებისთვის ბოლომდე. ყველა უნდა მოვიდეთ. „გავრილოვის ღამე“ ამ ქვეყანაში არ დასრულებულა და გრძელდება. ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი ანუ მათი კოლექტიური სახელია „გავრილოვები“. ეს ბრძოლა 20 ივნისის ბრძოლაა. ხალხს სურვილი აქვს, რომ ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის და სინამდვილეში სხვა რამეს წერენ. ამას ვინ შეურიგდება? ამას თვალს ვინ გაუსწორებს? არავინ! ძალიან ბევრი ვართ და დიდი ჟინია თავისუფლების ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცესკოს წინ მყოფი აქციის მონაწილეები ჯერ გაუფრთხილებლად წყლის ჭავლით დაშალეს, შემდეგ კი გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც. დაშლისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ცესკოს შენობისკენ ნიკა მელიას მოწოდების შემდეგ დაიძრნენ. მელიამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ცესკოს შენობისკენ გადაენაცვლებინათ, სადაც მოაწყობენ პიკეტირებას, რათა შენობაში შესვლა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის დაწერა ვერ შეძლონ.
დღეს რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა – ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, რის შემდეგაც ოპოზიცია მზად იყო ივანიშვილთან შეხვედრაზე ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. საღამოს რვა საათზე კი ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა, რომ კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კერძოდ, არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძესთან, რომლებმაც ითხოვეს, რომ ხვალისთვის მოხდეს მოლაპარაკება. მელიას საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მელია ტყუის და მას და არჩილ თალაკვაძეს მოლაპარაკების თხოვნით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ დაურეკა. კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და რადგან ხელისუფლება ანგარიშს უწევს ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, დაელოდებიან მათ ინიციატივებს.