მარნეულის მერის და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის ზაურ დარგალის განცხადებით, სიცრუეა, რომ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორი იყო. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
“თუ არსებობს ფაქტები, მიმართონ შესაბამის უწყებებს, როგორც ნახეთ, სამართლიანი გამოძიება მიმდინარეობს. ამირან გიორგაძე არის შტაბის უფროსი. ახალი სტილი აქვთ, ყველაფერს აორგანიზებენ ჩვენი შტაბის წინ. გიორგაძე იმყოფებოდა შტაბში და ჩხუბის დროს გამოვიდა გარეთ.
სრული სიცრუეა, ამირან გიორგაძე არანაირ ძალადობაში არ იღებდა მონაწილეობას. “ნაცმოძრაობა” ცდილობს პრობლემა შეუქმნას, რადგან მას კარგი ავტორიტეტი აქვს მოსახლეობაში”, – განაცხადა დარგალმა.
როგორც ის აღნიშნავს, მარნეულში მომხდარი დაპირისპირების ფაქტი “ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილი იყო.
“ეს იყო “ნაცმოძრაობის” უმძიმესი პროვოკაციის შედეგი, რომ დღეს ჩვენი ორი მხადამჭერია დაკავებული, თუმცა საქართველოში ჩვენი ხელისუფლების პირობებში კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია. დღეს ასევე დაკავებული თემურ შუბითიძის ძმა, რომელიც იმ საღამოს პროვოკაციის მსხვერპლი გახდა და ის, რომ მეორე დღეს, როდესაც მოხდა თემურ შუბითიძის ცემა, მიუთითებს, რომ ეს იყო შურისძიება.
ჩვენ არ გვაწყობს ძალადობა. ვგმობთ ძალადობას და ყველაფერი კეთდება, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, თუმცა “ნაცმოძრაობა” არ ჩერდება, აგრძელებს პროვოკაციულ მოქმედებებს, ყველა ჩვენი აქტივისტი გაფრთხილებულია, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეს და მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს არჩევნებში”,- განაცხადა დარგალმა.
ცნობისთვის, მარნეულში 29 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დღეს შს სამინისტრომ 2 პირი დააკავა.
ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ დაპირისპირების ორგანიზებაში “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, ისე უმოწყალოდ ცემდნენ ერთი სული ქონდა იქიდან გაესწრო. მისივე განცხადებით, მინიმუმ 5-6 კაცი ცემდა, საიდანაც ორი პირის ამოცნობა შეუძლია.
ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.