მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

482

წინა სტატია

შემდეგი სტატია

მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან პარტიის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები მოითხოვენ “ქართული ოცნების” ყველა იმ აქტივისტის დაკავებას, ვინც მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის დავით კირკიტაძის თქმით, იმ ორი ადამიანის დაკავება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა, საკმარისი არაა.

“მთელმა ქვეყანამ იხილა ის ძალადობრივი აქტი, რომელიც ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ” და მარნეულის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ასევე “ქართული ოცნების” აქტივისტები არიან. ეს ყველაფერი დააორგანიზა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” შტაბის უფროსმა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ აბსოლუტურად ყველა პირი, ორგანიზატორიდან უშუალოდ შემსრულებლამდე იყოს დაკავებული” ,- განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, ისე უმოწყალოდ ცემდნენ ერთი სული ქონდა იქიდან გაესწრო. მისივე განცხადებით, მინიმუმ 5-6 კაცი ცემდა, საიდანაც ორი პირის ამოცნობა შეუძლია.

ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

განცხადება გაავრცელა ცესკოს თავმჯდომარემ. თამარ ჟვანია აცხადებს, რომ მიუღებელია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის დაპირისპირება, ასევე დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.

ამასთან, სამართალდამცავებმა მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებისა და მათი თანხმლები პირის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.