მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 2 ნაკვეთი – 5 ბრალდებულიდან 1 ყოფილი საჯარო მოხელეა

399

ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა 689 763 ლარის ღირებულების 4 180 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთი.

„ბრალდებულის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით 499 556 ლარის ღირებულების 6 387 მ2 ფართობის ორი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.