მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტის გამო “მთავარი არხის” ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აქტივისტი გიორგი მუმლაძე მარნეულის საკრებულოს თავჯდომარეს, ამირან გიორგაძეს ადანაშაულებენ. მათი თქმით, გიორგაძე ჩხუბის დროს პირადად გასცემდა ბრძანებებს და რამდენჯერმე ჩაერთო ფიზიკურ დაპირისპირებაშიც. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ. “მთავარის” ინფორმაციით, მისი მფარველი ადგილობრივი პოლიციის სამართველოს უფროსი იოსებ სიგუაა, რომელსაც ზურგს “ქართული ოცნება” უმაგრებს.
ცნობისთვის, მარნეულში 29 სექტემბერს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მომხდართან დაკავშირებით დღეს შს სამინისტრომ 2 პირი დააკავა.
ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ დაპირისპირების ორგანიზებაში “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, ისე უმოწყალოდ ცემდნენ ერთი სული ქონდა იქიდან გაესწრო. მისივე განცხადებით, მინიმუმ 5-6 კაცი ცემდა, საიდანაც ორი პირის ამოცნობა შეუძლია.
ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.
ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.
ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.