„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტში მონაწილე პირებიდან მხოლოდ ორის ამოცნობა შეუძლია.
„თავს დამესხნენ. იმ ადამიანების იდენტიფიცირება ჩემთვის რთულია. ვინც იყო თავდაპირველად აგრესორი და ლანძღვა-გინებით ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართულებით რომ წამოიწია, მე მხოლოდ იმ ადამიანს ვხედავდი. ჩემ მარჯვნივ იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მუშტი დააქნია, კამერას რომ შეეხო ვუთხარი, კამერას ნუ ეხები -მეთქი, იმ დროს ვიგრძენი 5-6 მუშტი, ერთდროულად დამარტყეს. ამ დარტყმის შემდეგ მე დავვარდი, ადგომას ვაპირებდი და კიდევ ერთი წიხლი ვიგრძენი უკნიდან. რკინა და ხეა, იქ ჩამსვეს და იქ მირტყამდნენ. უკნიდან რომ ჩამარტყეს თვალთ დამიბნელდა და ვიფიქრე, თუ არ ავდგები მომკლავდნენ. ასეთი შეგრძნება მქონდა. მიკროფონი სად დამივარდა… ოპერატორს რა მოუვიდა… ოპერატორის კივილი მახსოვდა მხოლოდ. ხოხიალით ამოვედი იქიდან, 20 მეტრი ძლივს ამოვედი, ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა გამესწრო იქიდან. მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა. გამოვედი იქ, კიბეებია, ამოვედი თუ არა ვიყვირე პოლიცია სად ხარ და ასფალტზე დავეცი. გონება მთლიანად არ დამიკარგავს. გვერდით იყვნენ სამართალდამცავები, სადაც მე დავეცი. 5 წუთით ადრე, ჩემს დაცემამდე, ოპოზიციის ხალხი დაასისხლიანეს, მანქანა დაამტვირეს. ზუსტად იქ დავეცი მე. გარშემო იყვნენ პოლიციელები. როგორ ვერ დაინახეს… 3-4 წუთის განმავლობაში გვცემდნენ. მე ორი პიროვნების ამოცნობა შემიძლია, ერთ-ერთი კადრშიცაა მოხვედრილი. მე ამ ხელისუფლების სამართალდამცავებისგან კარგს და სამართლიანობას არაფერს ველი. ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დაჭერით, მოკვლით, საქმის გარჩევით მემუქრებოდა. რა რეაგირება იყო? პირიქთ, იმ ადამიანის თამადობით თავს დაესხნენ სხვას“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე გაემგზავრნენ.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.
“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, მისთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის დაპირისპირება, ასევე, დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა.