დღეს, 8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი ჩატარდება. საინიციატივო ჯგუფი “როდემდე?!” ქუთაისის მერიას ქალაქში არსებული გაუმართავი სანიაღვრე სისტემის პრობლემას და მერიის პასუხისმგებლობას შეახსენებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
პერფორმანსის მიმდინარეობისას იგეგმება ვიდეოკოლაჟის ჩვენება, რომელიც ასახავს, რა პრობლემებს აწყდებიან ქუთაისის მაცხოვრებლები ყოველი წვიმიანი ამინდის დროს სანიაღვრე სისტემების მოუწესრიგებლობა-არქონის გამო, რაც ქალაქის მერიის არაეფექტური მუშაობის შედეგია.
„გვსურს, გავაგებინოთ მერიას, რომ ქუთაისში ადამიანებს – სხვადასხვა უბნებიდან აწუხებთ სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებული საკითხები – მოუწესრიგებელი, გაუწმენდავი, დაბინძურებული და ზოგიერთ უბანში საერთოდ გაუქმებული სანიაღვრე სისტემა. არსებული პრობლემა და მისი მოგვარება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობაა“, – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.
აქტივისტები მოუწოდებენ ქუთაისის მერიას გადადგას ქმედითი ნაბიჯები არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.
შეგახსენებთ, რომ “როდემდე?!” აქტივისტთა საინიციატივო ჯგუფია, რომელიც ქუთაისში არსებულ პრობლემებზე მუშაობს.