გიორგი მუმლაძე, მარნეულში მასზე განხორციელებული თავდასხმის გამო, დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

628

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის რეგიონული ჯგუფის უფროსმა, მარნეულის ოლქში დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ, 29 სექტემბერს მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო, მარნეულის პროკურატურაში განცხადება შეიტანა და დაზარალებულად ცნობა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20 -ს“ ავრცელებს.

როგორც მუმლაძემ განაცხადა, ყველა თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა სამართალდამცველი ორგანოები არაფერს აკეთებენ მათ დასასჯელად.

„გამოკითხვაზე დავასახელე და პოლიციის მიერ ამოღებულ ვიდეოკადრებში ამოვიცანი ჩემზე თავდამსხმელები, მათ შორის, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი ამირან გიორგაძე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მტკიცებულებები და სამედიცინო დასკვნა, დღემდე არავინ დასჯილა. მოვითხოვე, პროკურატურამ მცნოს დაზარალებულად, რათა მქონდეს წვდომა საქმის მასალებზე და უფრო ეფექტურად ჩავერთო გამოძიების პროცესში,“- განაცხადა მუმლაძემ.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ინფორმაციით, გიორგი მუმლაძე, რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს, 29 სექტემბერს შეესწრო ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს თავს დაესხნენ. დამკვირვებელს აღნიშნული ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებაში ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსმა ამირან გიორგაძემ, რომელმაც ჯერ ტელეფონი ხელიდან გააგდებინა მუმლაძეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. “მთავარი არხის” ჟურნალისტის თქმით, ისე უმოწყალოდ ცემდნენ ერთი სული ქონდა იქიდან გაესწრო. მისივე განცხადებით, მინიმუმ 5-6 კაცი ცემდა, საიდანაც ორი პირის ამოცნობა შეუძლია.

ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო და პირები, ვინც მარნეულში აქტივისტებს ქველაძეს და მუმლაძეს თავს დაესხნენ იდენტიფიცირებული არიან.

მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მედია-კლუბი”, რომელმაც მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ გადააყენოს გიორგაძე დაკავებული თანამდებობიდან.