მიუხედავად იმისა რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძეს კითხვით მიმართეს თუ რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება, რათა პროვოკაციის ფაქტები აღიკვეთოს.
მისივ თქმით, მათ არაერთხელ მოახდინეს ინციდენტების აღკვეთა. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად მან დაასახელა, ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერის მისვლა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე. კობახიძემ აღნიშნა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ აქტივისტებს იწვევდნენ, თუმცა, მათი მხარდამჭრები გაფრთხილებული იყვნენ, რათა პროვოკაციას არ აყოლოდნენ.
მისივე თქმით, ბოლნისში ქართული ოცნების“ შტაბთან იყო ინციდენტი და ასევე, მეორე შემთხვევაშიც მარნეულში „ქართული ოცნების“ შტაბთან მოხდა შემთხვევა.
„რა ესაქმებოდათ „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების შტაბთან?! ორივე შემთხვევაში ეს იყო უმძიმესი პროვოკაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მარნეულში, გუშინ მომხდარი ინციდენტის მიზეზზეც ისაუბრა.
„გუშინაც იგივე მოხდა. დედა შეაგინეს „ქართული ოცნების“ ათეულობით აქტივისტს და ამაზე იყო ის რეაქცია, რაც იყო. ჩვენი მოწოდებაა, უმძიმეს პროვოკაციებსაც კი არ უნდა აყვეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტივისტი. მიუხედავად იმისა, რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, აქაც უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეს არის ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება, არცერთ შემთხვევაში ძალადობას არ აქვს გამართლება, მაშინაც კი, როდესაც დედას გაგინებენ“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით, მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.
ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით ადგილზე გაემგზავრნენ.
მომხდარ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც“ და სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდა.
“ქართული ოცნების” განცხადებით კი, “ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, მისთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის დაპირისპირება, ასევე, დაუშვებელია ჟურნალისტების საქმიანობის ხელის შეშლა.