გიორგი ბოტკოველი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ “ცხვრები” აღარ იყვნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელები

579

“ნაციონალური მოძრაობის” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი პირობას დებს, რომ ის და მისი პოლიტიკური გუნდი, გამარჯვების შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ “ცხვრები” აღარ იყვნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელები”.

როგორც ბოტკოველმა ტელეკომპანიის “ფორმულა” გადაცემაში “ვის ირჩევს საქართველო” განაცხადა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების დროს, თვითმმართველობა “ცუდ დღეში ჩააგდო”.

ამავე თემაზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ზურაბ ჭიაბერაშვილი: არა მარტო თელავს უნდა აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, არამედ ასეთი სტატუსი სხვა ქალაქებმაც უნდა მიიღონ

“2017 წელს ამისათვის [თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამოსართმევად] მარტო საკანონმდებლო ცვლილებები არ იყო საკმარისი, იყო ადგილობრივი ცვლილებებიც საჭირო თვითონ კონკრეტული საკრებულოების და თვითმმართველი ქალაქ თელავის არჩეულ საკრებულოს წევრებს ხელისუფლებამ მიაღებინა გადაწყვეტილება და ხელი ააწევინა საკრებულოს სხდომაზე, სადაც თავისი თავი თვითონ გააუქმეს. რაც მოხდა თუნდაც სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც დარჩა თვითმმართველობა, მაგალითად, ქუთაისში – ქუთაისის მერმა განცხადება დაწერა და წავიდა. აი, ამ დღეშია ჩავარდნილი დღეს თვითმმართველობა და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ “ცხვრები” აღარ იყვნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელები და იყვნენ ადამიანები, რომლებიც ადგილზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ 7 თვითმმართველ ქალაქს – თელავს, გორს, ახალციხეს, მცხეთას, ოზურგეთს, ზუგდიდსა და ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2017 წელს გაუუქმა, რასაც  ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

ამავე თემაზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ირაკლი ტალახაძე: ყველა სოფელი, დაბა, მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს არჩევითი და ჰქონდეს ბიუჯეტი

 

პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გასაუქმებელი ქალაქების წარმომადგენლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო, ვინაიდან თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები არ გამართა, როგორც ამას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ითხოვს. გარდა ამისა, ორგანიზაციებმა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდეს, დადგენილება ამავე მიზეზით საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინათ, ხოლო პრეზიდენტს სთხოვეს, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შემავალ ცვლილებებზე ვეტო დაედო.

არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, პარლამენტში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაასაჩივრეს, თუმცა, მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა მოგვიანებით დაძლია.

ამით 7 თვითმმართველი ქალაქის არსებობა დასრულდა და 2006 წლის სტატუს-კვო აღდგა, როდესაც წინა სახელისუფლო პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქალაქებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმა. 2014 წელს აღდგენილი თვითმმართველობა ქალაქებმა ზუსტად 3 წელიწადში კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში დაკარგეს. დღეს კი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” პირობას დებენ, რომ, არა მხოლოდ ამ 7 ქალაქს აღუდგება თვითმმართველი ერთეულის სტატუსი, არამედ ის სხვა ქალაქებსაც მიენიჭება.