ზურაბ ჭიაბერაშვილი: არა მარტო თელავს უნდა აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, არამედ ასეთი სტატუსი სხვა ქალაქებმაც უნდა მიიღონ

742

“ევროპული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ არა მარტო თელავს უნდა აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, არამედ ასეთი სტატუსი სხვა ქალაქებმაც უნდა მიიღონ. ამის შესახებ მან ტელეკომპანიის “ფორმულა” გადაცემაში “ვის ირჩევს საქართველო” განაცხადა.

“ადამიანებმა შეიძლება, ჩათვალონ, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობთ ამაზე [თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე], თუმცა, ძალიან ბევრი ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლების განცხადება და გამოსვლა არის პარლამენტის სესიაზე, საკომიტეტო მოსმენაზე, ხალხთან შეხვედრისას, როცა ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით თელავისთვის თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევას და მიგვაჩნია, რომ ეს იყო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ პირიქით, ჩვენ თუ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი რამ დაუახლოვდეს ხალხს და ხალხმა მეტი სარგებელი მიიღოს, გადაწყვეტილებები უნდა იყოს რაც შეიძლება ახლოს ხალხთან სოფლის, რაიონის, ქალაქის დონეზე. თელავს არა მარტო უნდა აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, არამედ ასეთი სტატუსი უნდა მიიღონ სხვა ქალაქებმაც იმისათვის, რომ ცენტრალურ დონეზე, პარლამენტის დონეზე საკანონმდებლო ბაზა შეიქმნას, ხოლო უშუალოდ მისი განხორციელება მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე და ცენტრიდან მოხდეს უბრალოდ კოორდინაცია ისეთ საკითხებში, როგორიც ეხება, მაგალითად, წყალმომარაგებას”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: გიორგი ბოტკოველი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ “ცხვრები” აღარ იყვნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელები

 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ 7 თვითმმართველ ქალაქს – თელავს, გორს, ახალციხეს, მცხეთას, ოზურგეთს, ზუგდიდსა და ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 2017 წელს გაუუქმა, რასაც  ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო, ვინაიდან თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები არ გამართა, როგორც ამას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ითხოვს. გარდა ამისა, ორგანიზაციებმა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდეს, დადგენილება ამავე მიზეზით საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინათ, ხოლო პრეზიდენტს სთხოვეს, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შემავალ ცვლილებებზე ვეტო დაედო.

ამავე თემაზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ირაკლი ტალახაძე: ყველა სოფელი, დაბა, მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს არჩევითი და ჰქონდეს ბიუჯეტი

 

არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, პარლამენტში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა დადგენილება საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაასაჩივრეს, თუმცა, მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა მოგვიანებით დაძლია.

ამით 7 თვითმმართველი ქალაქის არსებობა დასრულდა და 2006 წლის სტატუს-კვო აღდგა, როდესაც წინა სახელისუფლებო პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქალაქებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმა. 2014 წელს აღდგენილი თვითმმართველობა ქალაქებმა ზუსტად 3 წელიწადში კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში დაკარგეს. დღეს კი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” პირობას დებენ, რომ, არა მხოლოდ ამ 7 ქალაქს აღუდგება თვითმმართველი ერთეულის სტატუსი, არამედ ის სხვა ქალაქებსაც მიენიჭება.