პრეზიდენტმა თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსებში ცვლილებებს ვეტო დაადო

1092

საქართველოს პრეზიდენტმა თვითმმართველობის და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დაადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება დასანანია, ვინაიდან მათ ეს სტატუსი “ქართული ოცნების” მიერ მიენიჭა და ეს პროცესი შემდგომ უნდა გაღრმავებულიყო. ამ პროცესის უკან შეტრიალება არამოტივირებული და გაუგებარია. ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას, – განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, პრეზიდენტმა ვეტო ცესკოს დაკომპლექტების წესის გამო დაადო. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების ხარისხს აკნინებს და ამცირებს პლურალიზმს და ნდობას ამ სტრუქტურის მიმართ.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ კანონებში ცვლილებების მიღება არჩევნების წელს მოხდა, რაც საარჩევნო გარემოს ვნებს.

ორივე კოდექსზე ვეტოს დადებას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია ითხოვდნენ. არასამთავრობოთა აზრით, 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმება ხელს არ უწყობს თვითმმართველობების გაძლიერებას, პირიქით, ასუსტებს დეცენტრალიზაციის ხარისხს, რაც უარყოფითად აისახება დემოკრატიის განვითარებაზე.