ირაკლი ტალახაძე: ყველა სოფელი, დაბა, მუნიციპალიტეტი უნდა გახდეს არჩევითი და ჰქონდეს ბიუჯეტი

1011

“ლელო საქართველოსთვის” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე ფიქრობს, რომ არა მხოლოდ ქალაქებს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველის სტატუსი, არამედ ყველა სოფელი, დაბა და მუნიციპალიტეტი არჩევითი უნდა გახდეს და თითოეულ მათგანს საკუთარი ბიუჯეტი უნდა გააჩნდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანიის “ფორმულა” გადაცემაში “ვის ირჩევს საქართველო” ისაუბრა.

ამავე თემაზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ზურაბ ჭიაბერაშვილი: არა მარტო თელავს უნდა აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, არამედ ასეთი სტატუსი სხვა ქალაქებმაც უნდა მიიღონ

“რაც შეეხება დეცენტრალიზაციას და ადგილობრივ თვითმმართველობებს, ჩვენ მომხრე ვართ, რომ არა მარტო ქალაქებს დაუბრუნდეს თვითმმართველობები, არამედ ყველა სოფელი, დაბა, მუნიციპალიტეტი გახდეს არჩევითი და არა მარტო ფორმალურად არჩევითი, არამედ ჰქონდეს ბიუჯეტი, რომლითაც მოხდება ყველა ამ საკითხის მოგვარება და სწორი რიგითობის დაცვა. ჩვენ პარტიის გეგმაში ისიც გვიწერია, რომ პოლიციებიც კი, ადგილობრივი, უნდა იყოს არჩევითი, რათა ყველაფერი ადგილზე იყოს მისული”, – განაცხადა მან.

ირაკლი ტალახაძის თქმით, ის და მისი პარტიის წევრები ამომრჩევლებს კონკრეტული ადგილობრივი პრობლემის მოგვარებას არ ჰპირდებიან, რადგან საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ თვითმმართველობის ზოგადი საკითხები უნდა მოგვარდეს.

ამავე თემაზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: გიორგი ბოტკოველი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ “ცხვრები” აღარ იყვნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელები

 

“როცა ამომრჩევლებს ვხვდებით, ჩვენ არ ვეუბნებით, რომ დეპუტატი მოაგვარებს რაიმე კონკრეტული ადგილობრივ პრობლემას ხვალვე, როდესაც ის მოხვდება პარლამენტში. არა, ჩვენ ვეუბნებით, რომ პარლამენტში მოხვედრილმა პარლამენტის წევრმა უნდა მოაგვაროს ის საკითხები, რათა მერე თქვენ თქვენგან ამოარჩიოთ ის კაცი ან ქალი, ვინც ყველაზე კარგად იცის, იცნობს ამ საკითხს, შეუძლია მართვა და საკანონმდებლო დონეზე მიცემული ეს საშუალება, რომ თავისივე ფული, ეს დღგ იქნება თუ სხვა გადასახადები განკარგონ პირველი რიგის პრიორიტეტული საკითხების მოგვარებაზე,” – განაცხადა მან.