ლაცაბიძე: რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა

353

რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თავად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თითქმის სამსაათიანი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, რუსთავის მერი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის კითხვებს პასუხობდა და დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის საგნობრივი განხილვისკენ მოუწოდებდა, თუმცა, ,”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა სხდომა ორჯერ დატოვეს და დარბაზში აღარ დაბრუნდნენ, პარტია “საქართველოსთვის” სამმა წარმომადგენელმა კი 2023 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.

როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რუსთავის ოპოზიციური საკრებულო, დღეს გაექცა პასუხისმგებლობას და ქალაქს.

“რუსთავის ოპოზიციური საკრებულო დღეს გაიქცა, გაექცა პასუხისმგებლობას რუსთაველების წინაშე. გაიქცნენ ისევე, როგორც მთელი წლის განმავლობაში გაურბოდნენ იმ პრობლემებზე პასუხისმგებლობის აღებას, რომელსაც თანაბრად უნდა ვიზიარებდეთ. მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობა” გაიქცა სხდომიდან, სადაც რუსთავის ბიუჯეტი იხილებოდა, პარტია “საქართველოსთვის” შესაძლებლობა ჰქონდა, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად მხარი დაეჭირა რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტისთვის, ამის ნაცვლად კი ორივე ოპოზიციური პარტია, დღეს გაექცა ქალაქს და გაექცა პასუხისმგებლობას” , – განაცხადა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ოპოზიციურმა საკრებულომ ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ აჩვენა რუსთაველებს, რა არის მათთვის ღირებული – ქალაქის განვითარება თუ საკუთარი ამბიცია.

“რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა ტანდემმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიიღო რუსთავის განვითარებისა და რუსთაველების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, უღალატა იმ ადამიანებს, ვინც ხმა მისცა იმის იმედით, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატს, ხალხის სასარგებლოდ გამოიყენებდნენ. გამომდინარე იქედან, თუ რამდენად უსაფუძვლო და გამოგონილია ის მიზეზები, რის გამოც, დღეს მათ უკან დააბრუნეს ბიუჯეტის პროექტი, ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ საკრებულოს პირობებში 2023 წლის ბიუჯეტის არდამტკიცებით, სერიოზული საფრთხე ექმნება რუსთავის განვითარებას”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო მერიას უკან გადაუგზავნის. რუსთავის მერიამ კი კანონის თანახმად, ბიუჯეტის პროექტი საკრეულოში ხელმეორედ ორ კვირაში უნდა წარადგინოს.