ადიგენის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ პარტია დატოვა

414

ადიგენის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ მანანა ხოზრევანიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მის წასვლას პარტიაში სავარაუდო ზეწოლის ფაქტს უკავშირებენ, თავად ხოზრევანიძე აღნიშნულს არ ადასტურებს და აცხადებს, რომ პარტიის და თანამდებობის დატოვება პირადი პრობლემის გამო გადაწყვიტა. იგი საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად რჩება.

მანანა ხოზრევანიძის ფრაქციის და პარტიის დატოვება ადიგენის საკრებულომ ცნობად უკვე მიიღო.

„ოჯახური პრობლემები მქონდა და ამიტომ დავტოვე, ვეღარ შევძლებდი მანდ მუშაობას. ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად“, – ამბობს ხოზრევანიძე.

ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარე გივი აღლემაშვილი ხოზრევანიძის პარტიიდან წასვლას “ქართული ოცნებიდან” ზეწოლას უკავშირებს.

“განცხადებაში უწერია, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა პარტია. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ჩემი პირადი მოსაზრება ისაა, რომ ზეწოლის (ქართული ოცნების მხრიდან) გამო დატოვა პარტია. მეუღლეს თუ შვილებს ქობულეთში აქვთ ბიზნესი და ალბათ, ზეწოლა იყო“,- განაცხადა აღლემაშვილმა.

როგორც პარტიაში განმარტეს, მის ადგილს სხვა ვერ დაიკავებს, რადგან ამ ეტაპზე ადიგენის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რვა წევრი დარჩა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს ენმ-ს პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციები დატოვეს ახალციხის საკრებულოშიც.