თელავში ალაზნის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

460

თელავში ალაზნის გამზირზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ცენტრალურ მაგისტრალზე წყლის კომუნიკაციების რეაბილიტაცია დაასრულა.

თელავის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ბეტონის დაზიანებული საფარის აღდგენის პროცესი, რის შემდეგაც დაიწყება გზის მოასფალტება. ჯამში, ასფალტის საფარი დაიგება 2.5 კმ სიგრძის გზაზე.

“პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ალაზნის გამზირის გზის საფარის და ტროტუარების სრული რეაბილიტაცია, გამყოფი ზოლის მოწესრიგება და გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა  საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გაჩერებები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ენ-დი როუდი” ასრულებს.

ალაზნის გამზირის რეაბილიტაციაზე 2 577 752 ლარი დაიხარჯება.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.