აჭარაში ყველა კომლს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი უნდა გადაეცეს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა ბონდო თედორაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, აჭარაში მოსახლეობას მიწის ნაკვეთების 90 პროცენტი დაურეგისტრირებელი აქვს და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინიციატივა აჭარის რეგიონთან მიმართებაში დასახვეწია.
“გუშინ ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ დაანონსა მორიგი საარჩევნო პროგრამა, რომლითაც თითქოს ის აპირებს ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო 200-ლარიანი ვაუჩერის გადაცემას, რისთვისაც გამოიყო 37 მილიონი ლარი. მივმართავ, კაბინეტში მყოფ გიორგი გახარიას, რომ 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რეგისტრაციაში აჭარის მოსახლეობის 90%-ს არ გააჩნია და შესაბამისად, არარეგისტრირებულ ნაკვეთზე, ფერმერი ვერ მიიღებს ვერც ერთ თეთრს ხელისუფლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა მიწების რეგისტრაციის რეფორმას, დღემდე აჭარაში მიწის ნაკვეთების უმრავლესობა დაურეგისტრირებელია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ : გადაეცეს სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერი ყველა კომლს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნაკვეთები რეგისტრირებული; 200 ლარიდან დაფინანსება გაიზარდოს 400 ლარამდე, რისი საშუალებაც არსებობს ბიუჯეტში; დაევალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სწორი და ადეკვატური ინფორმაციის მიტანა ცენტრალურ ხელისუფლებამდე, რადგან არსებული ანტიკრიზისული გეგმა ვერ უზრუნველყოფს აჭარის რეგიონის ფერმერთა უმრავლესობის კეთილდღეობას, მიუხედავად ამისა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში არ გამოჩნდა პასუხისმგებელი პირი, ვინც ეტყოდა გახარიას, რომ პროგრამა არის დასახვეწი, რადგან ის აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერერებზე არ არის მორგებული”,- განაცხადა ბონდო თედორაძემ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 647 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 372 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.