თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა აგჩერდეს. ასევე, ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა ფერმერთა დასახმარებლად არსებული პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად.
თითოეული ფერმერი, რომელსაც მიწა აქვს დარეგისტრირებული, ერთ ჰექტარზე დახმარების სახით, 200 ლარის სუბსიდიას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ საშუალო დონის და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც, მაგალითად, 10 ჰა მიწა გააჩნიათ, მიიღებენ დახმარების სახით სახელმწიფოსგან 2000 ლარის ოდენობით. ეს, რა თქმა უნდა, გადანაწილდება პროპორციულად მათზე, ვისაც ნაკლები ფართობი მიწა აქვს“, – განაცხადა გახარიამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.