ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება, – ამის ამის შესახებ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
პრემიერმა პანდემიის პირობებში სოფლის მეურნეობის სფეროს მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა.
„მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა იმ პროგრამების, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე არსებობს ფერმერების დასახმარებლად, ამ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად და ამასთან ერთად, სპეციალური დამატებითი ღონისძიებების მისაღებად, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად. თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად გააჩნიათ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომელთაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები.
„გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად იქნება საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ უკვე ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ კრიზისში, დღეს, წელს, არამედ მომავალი წლებისთვის.
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, გითხრათ, გარანტირებულად, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.