ჩოხატაურში თვითიზოლაციაში შვიდი პირი იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„ჩოხატაურში, მუდმივად ხდება საჭიროების მქონე მოსახლეობის დახმარება. მათ შორის მერიაში, ცხელ ხაზზე შემოსული ზარების მიხედვით ხდება რეაგირება“, – აცხადებს ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა.
ამასთან, მერის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში შესაბამისი სამსახურები აგრარულ ბაზარს შეამოწმებენ და ობიექტი მუშაობას ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში განაახლებს.
„რაც შეეხება აგრარული ბაზარში მუშაობის განახლებას, ამ კვირაში შემოწმდება, რამდენად არის დაცული საჭირო სტანდარტები. სწორედ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მისი გახსნის შესახებ“, – აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.