ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების სრულფასოვანი მონაწილეობისა და ჩართულობის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – „ჩოხატაურის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება.
როგორც მერიაში აცხადებენ, საბჭოს წევრების შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრაცია 15 აპრილიდან 1 მაისამდე იქნება შესაძლებელი.
“საბჭო შედგება სათათბირო ხმის უფლების მქონე 15 წევრისგან, რომლებიც წარმოდგენილი არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 მაჟორიტარული ოლქიდან და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საბჭო აირჩევა ორი წლის ვადით და მისი წევრობა არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა”, – განმარტავენ მერიაში.
წევრობისთვის დაწესებული კრიტერიუმები:
ა) წევრობის კანდიდატი არის 14-29 წლის;
ბ) არის საქართველოს მოქალაქე და რეგისტრირებულია (ან ცხოვრობს) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში;
გ) არ მუშაობს საჯარო სამსახურში.
საბჭოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზდების საჭიროებებისა და ინტერესების შესწავლა და წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება მათი უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) მონაწილეობა ჩოხატაურის მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში, ასევე შესაბამისი ადვოკატირების კამპანიის წარმოება;
გ) მონაწილეობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში (მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს) და ახალგაზრდების მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელება;
დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის, პროგრამების, აქტივობების და სხვა არსებული შესაძლებებლობების შესახებ;
ე) საზოგადოების ინფორმირება ახალგაზრდობის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ;
ვ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროში.
ჩოხატაურის მერიის ცნობით, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ყველა აპლიკანტს დაუკავშირდებიან. მათივე ინფორმაციით, საბჭოს წევრების კონკურსის ჩატარებას და შერჩევას მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ საკითხებზე პასუხისმგებელი სამსახური უზრუნველყოფს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.