რა ქონებას ფლობს ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე – ირაკლი კუჭავას ქონებრივი დეკლარაციების ანალიზი

698

წინა სტატია

ავტორი: ეკატერინე ბასილაია

ირაკლი კუჭავა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარედ “ქართული ოცნებიდან” 2021 წლის დეკემბერში აირჩიეს. მანამდე ის ჩოხატაურის მერის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე კი, 2014 წლიდან  – გამგებლის პოსტს, ამიტომაც დეკლარაცია ყოველ წელს, ჯამში 8-ჯერ აქვს შევსებული. ჯერჯერობით, ბოლო დეკლარაცია ჯერ ისევ მერის პოსტზე ყოფნისას, 2021 წლის სექტემბერში შეუვსია.

კუჭავას ოჯახის წევრად მითითებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე. ის და მისი მეუღლე სამ უძრავ ქონებას ფლობენ. ასევე გასულ წელს მიღებული აქვთ ხელფასი. დეკლარაციის ცარიელ ფურცლებიდან მხოლოდ ეს გრაფებია შევსებული, დანარჩენი გვერდები ცარიელია. საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მეუღლე არ ფლობენ ავტომანქანას, არც ფასიან ქაღალდებს, არ აქვთ სესხი აღებული, არ არიან ჩართულები სამეწარმეო საქმიანობაში და არავისგან მიუღიათ იმ ფასის საჩუქარი, რაც დეკლარაციაში უნდა ჩაეწერათ.

ირაკლი კუჭავას ქონება ასე გამოიყურება: მისთვის 2016 წელს უჩუქებიათ 1205 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ჩოხატაურში. კონკრეტული მისამართი მითითებული არ არის, არც ისაა აღნიშნული, ვისგან მიიღო ეს საჩუქარი; ასევე კუჭავას 2020 წელს 2000 ლარად უყიდია ჩოხატაურის სოფელ ბუკისციხეში 924 კვ.მ მიწის ნაკვეთი. მეუღლეს კი, 2009 წელს, დაუჯერებლად იაფად, 125 ლარად აქვს ნაყიდი 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი კურორტ ბახმაროში.

დეკლარაციის შევსების დღეს ირაკლი კუჭავას “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 2500 ლარი ჰქონდა; ხოლო “თი-ბი-სი ბანკის” დეპოზიტზე 102 912 ლარი ედო. ამ თანხის გასწვრივ მიწერილია, რომ ეს შემოსავალი 5 ჰა მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიიღო. მეუღლეს, ელისო სიხარულიძეს, “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 2469 ლარი ჰქონდა; იმავე ბანკის ანაბარზე კი – 12 669,45 ლარი.

ირაკლი კუჭავას პირველი დეკლარაცია 2014 წელს აქვს შევსებული, მას შემდეგ, რაც ჩოხატაურის გამგებლად დაინიშნა. გამგებლად დანიშვნამდე ის “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის” ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი იყო. გამგებლის თანამდებობას კი 2014-2017 წლებში იკავებდა. კუჭავა 2017 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩოხატაურის მერია, ხოლო 2021 წლის არჩევნების შემდეგ კი ყოფილი მერი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

2014 წელს, მაშინდელი გამგებელი ფლობდა: ჩოხატაურში, აღმაშენებლის N40-ში, 400 კვ.მ საცხოვრებელ სახლს და 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ორივე ამ ქონებაზე 2017 წლის დეკლარაციაში უწერია, რომ მემკვიდრეობით აქვს მიღებული; ასევე ჩოხატაურში ფლობდა 3000 კვ.მ ნაკვეთს, რომლის მისამართი მითითებული არ არის. ეს ქონებაც მემკვიდრეობითაა მიღებული;  ხოლო სოფელ ბუკნარში  2010 წელს უყიდია 50 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ეს ნაკვეთი 2020 წელს გაუყიდია. არცერთი ეს ქონება ბოლო დეკლარაციაში არ ჩანს. პირველ და ბოლო დეკლარაციაში უცვლელია მხოლოდ მეუღლის მიერ ნაყიდი ნაკვეთი ბახმაროში.

2016 წლის დეკლარაციაში ამ ქონებას ემატება ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩაზე 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც მომდევნო დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ აჩუქეს. დიდი ალბათობით, ეს ის ქონებაა, რაც ბოლო დეკლარაციაშიც გააჩნია, უბრალოდ, ირაკლი კუჭავას რატომღაც 2021 წელს ქუჩის სახელწოდების მითითება დაავიწყდა.

ბოლო დეკლარაციაში ოჯახს წინა წლების ქონებებიდან ჩოხატაურში, აღმაშენებლის ქუჩასა და კურორტ ბახმაროში არსებული მიწის ნაკვეთები ისევ აქვს. სოფელ ბუკნარის ნაკვეთის გაყიდვაც მითითებულია, თუმცა, სად წავიდა მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი, გაურკვეველია.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის შემოსავალს. ბოლო დეკლარაციაში კუჭავას უწერია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიიღო 22 777,2 ლარის ხელფასი, თუმცა, თანამდებობა მითითებული არ აქვს.

კუჭავას მეუღლე პროფესიით ექიმია. ის ერთდროულად სოფლის ექიმიცაა და კლინიკა “მედალფაშიც” მუშაობს. ელისო სიხარულიძეს “მედალფას კლინიკიდან” 23 132,6 ლარის ხელფასი მიუღია, ხოლო როგორც სოფლის ექიმს – 14 760 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული.

ირაკლი კუჭავას მიერ მიღებული შემოსავალი წლების მიხედვით ასე გამოიყურება: მას 2014-2017 წლებში გამგებლის თანამდებობიდან ჯამში 112 116 ლარის ხელფასი მიუღია: 2014 წელს – 14 575 ლარი; 2015 წელს – 34 571 ლარი; 2016 წელს – 31 800 ლარი; 2017 წელს – 31 170 ლარი; მერის თანამდებობიდან კი, 2018-2020 წლებში, ჯამში 73 784,4 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული: 2018 წელს – 25 440 ლარი; 2019 წელს – 25 567,2 ლარი; 2020 წელს – 22 777,2 ლარი.