ოკუპირებულ ტყვარჩელში კარანტინი გამოცხადდა – საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები აღარ დარჩა

578

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ტყვარჩელში კარანტინი გამოცხადდა. 20 დეკემბრამდე დახურულია ყველა დაწესებულება, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და პურის ქარხნის გარდა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

ადგილობრივი ტელევიზიის თანახმად, ბოლო 5 დღეში, რაიონში კორონავირუსით ინფიცირების 120- ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, საავადმყოფოში თავისუფალი საწოლები აღარ დარჩა.

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 დეკემბერს სოხუმს რუსეთის მრავალპროფილური მობილური ჰოსპიტალი დატოვებს, რომელიც პანდემიის პერიოდში ორჯერ მოეწყო ქალაქში და მოქმედებდა 2021 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან 13 დეკემბრამდე, მანამდე კი  2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე.

“ჯანდაცვის მინისტრის” ედუარდ ბუთბას განცხადებით, რუსულმა სამხედრო ჰოსპიტალმა დიდი დახმარება გაუწია აფხაზ კოლეგებს კორონავირუსთან ბრძოლაში. მისივე თქმით, ახლა მთელი დატვირთვა ისევ ადგილობრივ მედიკოსებს დააწვება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსზე 510 ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან 106 -ს დაუდასტურდა Covid- 19. ადგილობრივი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 1 პაციენტი გარდაიცვალა, 1936 წელს დაბადებული ქალი, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 36 460 შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა – 29 150, ხოლო გარდაიცვალა 545 პირი.